სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და სპორტკომპლექს „არენას“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში სქვოშის პირველი დარბაზი გაიხსნა.
სქვოში სპორტის სახეობაა, რომლის დროსაც ჩოგბურთს კედელზე თამაშობენ. მოედანი საერთაშორისო სტანდარტებისაა და საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლებს.
ახალი კორტები სპორტსმენებს საშუალებას მისცემს, მაღალ დონეზე დაეუფლონ სპორტის ამ სახეობას. ასევე, მოყვარულებსაც ექნებათ საშუალება, ყოველდღიურად დაკავდნენ სპორტის ამ სახეობით. პროექტი ხორციელდება „ფიტპას ჯორჯიის“ მხარდაჭერით.
„ფონდის მხარდაჭერით, სპორტკომპლექს „არენაზე“ უკვე მესამე სპორტული ობიექტი გაიხსნა. შარშან თბილისში პირველი, თანამედროვე სტანდარტების ყინულის მოედანი ამოქმედდა, წელს კი – სპორტული ტირი. ფონდი მომავალშიც აქტიურად აპირებს ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობას“, – ამბობს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
ვასილ ლიპარტელიანი, სპორტკომპლექს „არენას“ დირექტორი: „მოედანი საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ტურნირების ჩატარება. საქართველოში არსებობს სქვოშის ფედერაცია, სპორტსმენები ჩვენს ბაზაზე მოემზადებიან“.