სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო | ევროპის სპორტის კვირეული გრძელდება
ევროპის სპორტის კვირეული, რომელსაც საქართველო წელს პირველად მასპინძლობს, დღითიდღე მასშტაბური ხდება. ამ დროისთვის სპორტულ ღონისძიებებში ჩართულია თბილისი და 59 მუნიციპალიტეტი რეგიონებიდან. ტურნირები გაიმართა სხვადასხვა სოფელშიც.
შეჯიბრები იმართება როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ სახეობებში, სამაგიდო თამაშებში, ნიჩბოსნობასა და ცურვაში, სპორტის ეროვნულ სახეობებში, კომბინირებული თამაშები მოზარდებისთვის. გაიმართა რამდენიმე რეგიონული შეჯიბრი მუნიციპალიტეტებს შორის. ჩატარდა მარათონები სხვადასხვა დისტანციაზე. მსურველები ღონისძიებებში ასაკის შეუზღუდავად იღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს მედლები და თასები გადაეცემათ. რეგიონებში გამოცხადდა ხატვის კონკურსი სპორტულ თემატიკაზე.
ევროპის სპორტის კვირეული, რომელიც 23 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა რიყის პარკში, 30 სექტემბერს დაიხურება. რეგიონებში დაგეგმილია მასშტაბური დასკვნითი სპორტული ღონისძიებები, თბილისის ძველ უბნებში კი გაიმართება ყოველწლიური „თბილისმარათონი“ და საბავშვო გარბენი. დასკვნითი კონცერტი და საზეიმო დახურვა რუსთაველზე, პარლამენტის წინ იგეგმება.
სპორტის კვირეულის ოფიციალური კოორდინატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ორგანიზატორები – ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და სამინისტროს მიერ აღიარებული სხვა ეროვნული ფედერაციები, თანაორგანიზატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტი.
2018 წელს საქართველო ევროკომისიის ინიციატივას – ევროპის სპორტის კვირეულს პირველად შეუერთდა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. ევროპის სპორტის კვირეული, რომლის დევიზია #BeActive, 2015 წლიდან ევროკავშირის წევრ და სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში ტარდება. წელს ევროპის სპორტის კვირეულს 40-მდე ქვეყანა გამართავს. 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის მასშტაბით დაგეგმილია 26 000-ზე მეტი ღონისძიების ჩატარება რომელშიც 9 მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთვება.
ანონსი: 29 სექტემბერი
#BeActive
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, კვირას, 29 სექტემბერს თბილისში დაგეგილი ღონისძიებები:
10:00 საათიდან: ღია ფეხბურთი დიღომში, თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში;
11:00 საათიდან ლისის ტბის ტერიტორიაზე: 3X3 კალათბურთი; წყალბურთი პროფესიონალი და დამწყები სპორტსმენების მონაწილეობით; პილატესის და აერობიკის მასტერკლასი პროფესიონალი ინსტრუქტორებისგან; მაგიდის ჩოგბურთი; ფრისბი; მკლავჭიდი;
15:00 საათიდან: ქვიშის ხელბურთი მუხიანის რაგბის ბაზაზე
22:00 საათიდან: მსურველებს შუეძლიათ ესტუმრონ მზიურის ჩოგბურთის კორტებს (#BeActive At Night)
22:00 – 01:00 სთ: მსურველებს უფასოდ მიიღებს ისანი სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრი, რომელიც სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, 107-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და გლდანი – ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი, რომელიც გლდანის მეხუთე მ/რ-ში, მერვე კორპუსის მიმდებარედაა განთავსებული. (#BeActive At Night)
დასწრება თავისუფალია