სპორტის უნივერსიტეტისა და სფფ-ს ერთობლივი პროექტი - სტუდენტებს C ლიცენზიები გადაეცათ #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებული უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სპეციალიზებული კურსი დასრულდა.
კურსი გასული წლის 19 ოქტომბერს დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. მსმენელებს პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ჩაუტარდათ – უეფა-ს C ლიცენზია კურსის ცხრა მათგანმა მიიღო.
ლიცენზიების გადაცემის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, ახალგაზრდული და რეგიონული ფეხბურთის პროგრამის განვითარების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე და სპორტის და კულტურის სამსახურის უფროსი ნუგზარ კანდელაკი ესწრებოდნენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წელს გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, სპორტის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, კურსდამთავრებულებისა და აქტიური სტუდენტების, უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე ჩართულობას ყოველწლიურად სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.