სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვერის პარკში საზეიმო ღონისძიება გაიმართა #1TVSPORT
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვერის პარკში საზეიმო ღონისძიება გაიმართა #1TVSPORT

ვერის პარკში სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით და ეროვნული ფედერაციის, „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ეროვნული ფედერაციის, „სპორტი ყველასათვის“ პრეზიდენტი ირაკლი მეძმარიაშვილი და ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მაია აზარაშვილი დაესწრნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 15-მდე სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გასართობი თამაში და სპორტის სახეობა:

• სამაგიდო სახეობები – ჭადრაკი, ნარდი, გო, შაში;
• გასართობი ბეისბოლი;
• უშუ;
• ბადმინტონი;
• კალათბურთი;
• გასართობი ამერიკული ფეხბურთი;
• მაგიდის ჩოგბურთი;
• ბავშვთა ძიუდო;
• ქართული ტრადიციული თამაშები;
• სახალისო ხელბურთი;
• მხიარული თამაშები „კლუბი აკადემია“;
• ნორდიული სიარული (მასტერკლასი);
• ქუჩის კალათბურთი.

„სპორტის საერთაშორისო დღე განვითრებისა და მშვიდობისათვის“ 6 აპრილს აღინიშნება. ეს თარიღი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2013 წლის აგვისტოში დაადგინა, 2014 წლის 6 აპრილს კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ ღონისძიების აღნიშვნას.

ამ ყოველწლიური დღესასწაულის მიზანია სპორტის დახმარებით სოციალური ცვლილებების, საზოგადოების განვითარების, მშვიდობისა და ურთიერთობის ხელშეწყობა.