სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველო თეთრი ბარათის კამპანიას უერთდება
6 აპრილს საქართველო მეექვსედ უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და აღინიშნება, როგორც სპორტის საერთაშორისო დღე სახელწოდებით – „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ (International day of Sport for Peace and Development).
ამასთან დაკავშირებით, 2 აპრილიდან საქართველო უერთდება ე.წ. თეთრი ბარათის („#WhiteCard”) კამპანიას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, ჩაერთვებიან საქართველოს რეგიონები.
ეს არის მშვიდობისა და სპორტის ციფრული კამპანია, რომლის მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება. ის არის სპორტში ე.წ. წითელი ბარათის საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას. კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. 4 აპრილს თბილისში დაგეგმილია ვორქშოპი და ფოტოგამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები; 6 აპრილს კი მსოფლიოს მასშტაბით ღონისძიება ერთდროულად გაიმართება სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა სპორტული აქტივობები, შეჯიბრები და სანახაობები სპორტის მრავალ სახეობაში. თბილისში სპორტულ ღონისძიებებს ვაკის პარკი უმასპინძლებს 11:00 საათიდან.