„სპორტ-ექსპრესი“ - კვარაცხელიას მენეჯერი „აიაქსის“ სპორტულ დირექტორს შეხვდება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებულმა სატრანსფერო მოლაპარაკებამ ახალი მიმართულება აიღო. 20 წლის ქართველმა, შესაძლოა, კარიერა ნიდერლანდურ გრანდში – ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელოს, – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელზე ინფორმაციას პოპულარული რუსული გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ ავრცელებს.
„როგორც „სპორტ-ექსპრესისთვის“ გახდა ცნობილი, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მალე „აიაქსის“ სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს შეხვდება“, – წერს „სპორტ-ექსპრესი“.
გამოცემის ინფორმაციის თანახმად, ამსტერდამის კლუბი კვარაცხელიას შეძენას ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ განმავლობაში აპირებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალმა „ტრანსფერმარკტმა“ ხვიჩას ღირებულება 10-დან 15 მილიონ ევრომდე გაზარდა.
შეგახსენებთ, Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ 20 წლის ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულნი არიან: „ატალანტა“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „ნაპოლი“ და დორტმუნდის „ბორუსია“.