Sport Bild-ი - მამარდაშვილის მენეჯერი მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორს ესაუბრა #1TVSPORT
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილი გერმანიაში მენეჯერთან, ლევან სეთურიძესთან ერთად იმყოფება და მიუნხენის „ბაიერნთან“ მოლაპარაკებას ასრულებს.
Sport Bild-ი, ტელემაუწყებელი Sky და ტრანსფერების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ერთხმად იტყობინებიან, რომ „ვალენსიის“ 22 წლის მეკარემ „ბაიერნის“ ინტერესი მიიპყრო.
„გერმანული ფეხბურთის გრანდმა, მიუნხენის „ბაიერნმა“ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი პოტენციურ ახალწვეულთა სიაში შეიყვანა. მეკარე რამდენიმეჯერ მოექცა კლუბის ყურადღების ცენტრში, ასევე იყო კონტაქტი ფეხბურთელის მენეჯერსა და „ბაიერნის“ ტექნიკურ დირექტორს, მარკო ნეპეს შორის. ასევე Sky იტყობინება მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ არის“, – წერია Sport Bild-ის ცნობაში.
„გუნდს ახლა ჰყავს ოთხი მეკარე – მანუელ ნოიერი, იან სომერი, სვენ ულრაიხი და ალექსანდრ ნუბელი. სომერისა და ნუბელის მომავალი გაურკვეველია, რადგან ნოიერი, სავარაუდოდ, უდავო ნომერ პირველად დაბრუნდება ფეხის სერიოზული ტრავმის შემდეგ. „ბაიერნიდან წასვლა ნუბელსაც სურს“, – ამტკიცებს გამოცემა berchtesgadener-anzeiger-ი.
დღის განმავლობაში ინფორმაცია Sky-ის რეპორტიორმა, ფლორიან პლეტენბერგმა დაადასტურა და განაცხადა, რომ „რეკორდმაისტერს“ ქართველი სიაში ნამდვილად ჰყავს და მასში სამომავლოდ დიდ პოტენციალს ხედავენ.
მამარდაშვილი 2022 წლის იანვარში „თბილისის დინამოდან“ გადავიდა „ვალენსიაში“, სადაც 63 მატჩი ჩაატარა – მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში. ტრანსფერების ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს თქმით, ახალგაზრდა მეკარით ინგლისისა და იტალიის კლუბებიც დაინტერესდნენ.