სპარინგი სანაკრებო პაუზაზე - ბათუმის „დინამომ“ „მერანთან“ ფრე ითამაშა, წინ საჩემპიონო მატჩია #1TVSPORT
სანაკრებო პაუზაზე ბათუმის „დინამომ“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა – გია გეგუჩაძის გუნდმა ანგისას საწვრთნელ ბაზაზე მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.
ბათუმელებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ძირითადი შემადგენლობის ოთხი ფეხბურთელი დააკლდა – მეკარე ლაზარე კუპატაძე, მცველები გოგა ჩაბრაძე და ირაკლი აზაროვი, ასევე ნახევარმცველი ლადო მამუჩაშვილი,
შეხვედრა მარტვილელებმა კარგად დაიწყეს და ანგარიში გახსნეს. მეორე ტაიმში ბათუმელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ „მერანის“ მეკარე ლაშა გორდულავამ ჯოვინო ფლამარიონის შესრულებული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმისას ბურთი მოიგერია. ბათუმელებმა მატჩის მიწურულს მაინც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ბათუმის „დინამო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის და ეს მატჩი გუნდს ფორმის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა. ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ბათუმელები „თელავს“ უმასპინძლებენ – თუკი გია გეგუჩაძის გუნდმა მოიგო, ხოლო მისმა კონკურენტმა „დინამო თბილისმა“ 3 ქულა ვერ მოიპოვა, არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონობას იზეიმებს.