სპალეტის ამბავი გადაწყვეტილია - მწვრთნელი „ნაპოლის“ მოთამაშეებს „ინტერთან“ მატჩამდე დაემშვიდობა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მწვრთნელი ეყოლება, რადგან ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ დატოვება გადაწყვიტა და ამის შესახებ ფეხბურთელებს უკვე აცნობა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Il Mattino ავრცელებს.
„ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ დატოვება გადაწყვიტა, მწვრთნელი თავის მისიას ამოწურულად მიიჩნევს. 64 წლის სპეციალისტი „ინტერთან“ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე მოთამაშეებს დაემშვიდობა და ეჭვები მის მომავალზე გააქარწყლა. ახლა აღარ არის საჭირო მკითხაობა, რა მოხდება. მწვრთნელმა ფეხბურთელებს აცნობა, რომ „ნაპოლიში“ მისი დრო დასრულდა.
გასახდელების ლიდერებმა, კერძოდ, დი ლორენცომ, ანგისამ, ხუან ჟესუსმა, ლობოტკამ და ზელინსკიმ სპალეტის გადაწყვეტილება „ინტერთან“ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გაიგეს.
დი ლორენცო „ინტერთან“ გოლის შემდეგ სპალეტის რომ გადაეხვია, ამ გადაწყვეტილების პასუხია. ახლა ჩვენ პრაქტიკულად ველოდებით, თუ როგორ წარიმართება „განქორწინების“ პროცესი მასა და „ნაპოლის“ შორის. შეგახსენებთ, რომ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მთავრდება“, – წერს იტალიური გამოცემა.