სპალეტიმ „ნაპოლის“ „ლივერპულთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა, კვარაცხელიას თანაგუნდელმა ახალწვეულები შეაქო #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მოგებული (4:1) მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ ნაადრევია დასკვნები, თითქოს მისი გუნდი უკვე ლიგის ფავორიტია.
„ეს მნიშვნელოვანი შედეგია. „ლივერპულთან“ ასეთი გამარჯვება აჟიოტაჟს იწვევს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის შეგვეძლოს ჩვენი ფეხბურთის თამაში, ვისაც უნდა შევხვდეთ. მიღწეულზე არ უნდა შევჩერდეთ. ეს არის ის, რაც განსაზღვრავს პიროვნების და გუნდის დონეს. არ მომწონს ვარაუდი, თითქოს უკვე ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები ვართ: უბრალოდ კარგი მატჩი და პოზიტიური დასაწყისი იყო. ახლა შემდეგ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ“.
კომენტარი გააკეთა ჯოვანი სიმეონემ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში პირველი გოლი კვარაცხელიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გაიტანა და ემოციები არ დამალა:
„14 წლის რომ ვიყავი, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე ვოცნებობდი და დღეს აქ ვარ. მინდოდა ამ მომენტამდე მიმეღწია და აღფრთოვანებული ვარ. ვგრძნობდი, რომ გავიტანდი და საამისოდ მზად ვიყავი. ყველამ ერთად დიდებული თამაში ვუჩვენეთ, ასეთი მნიშვნელოვანი მეტოქის დამარცხება ძალიან ფასეულია. იმდენი ადამიანია, ვისაც ჩემი არ სჯეროდა. მამაჩემს დავურეკე, როგორც ყველა თამაშის წინ, რომელმაც მითხრა, თუ ბევრს გავცემდი, ბევრსაც მივაღწევდი. ამაღელვებელი იყო ნეაპოლიტანელთა შეძახილები მარადონას სტადიონზე, გულშემატკივრები გვაიძულებენ, რაღაც მეტი გავაკეთოთ“.
დუბლის ავტორი ზელინსკი უფრო თავშეკავებული იყო და ახალწვეულებსა და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „ლივერპული“ დამაჯერებლად დავამარცხეთ. ბედნიერები ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ ჯგუფური ეტაპის დასაწყისია და სხვა რთული თამაშები გველოდება. ახალბედები ყველანი შესანიშნავი მოთამაშეები და კარგი ბიჭები არიან. ჩვენ, უბრალოდ, უნდა დავტკბეთ მათით“.