სპალეტიმ „მილანთან“ წაგებაზე ისაუბრა - ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი დაღლილი და ტრავმირებული დაგვიბრუნდა #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ წაგების (0:4) შემდეგ აღიარა, რომ მისი გუნდი „სტადიო მარადონაზე“ აშკარად დაიჩაგრა.
„მილანმა“ სეზონის საუკეთესო თამაში სწორედ მაშინ ჩაატარა, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, რადგან დაამარცხა სერია A-ს ლიდერი და გაუსწრო „ინტერს“. ამ მოგების შემდეგ ოთხეულისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა.
„როგორ შეიძლება აიხსნას ეს შედეგი? გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს სუსტი პოზიციები. „მილანმა“ გამოიყენა ყველა მომენტი და სივრცეები, რომელიც მათ დავუთმეთ. ჩვენ საკუთარ თავს არ ვგავდით და ძალიან ბევრი გოლი გავუშვით.
ბრძოლა ნახევარდაცვაშიც წავაგეთ. ხშირად ვტოვებდით სივრცეებს ხაზებს შორის, რაც „მილანმა“ კარგად გამოიყენა. შედეგზე, შესაძლოა, იმანაც იმოქმედა, რომ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში ბოლომდე იხარჯებიან, ისინი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაღლილები დაბრუნდნენ, ოლივერა და ოსიმენი კი – ტრავმირებულები, მაგრამ ეს არ გვამართლებს, ანალოგიური ვითარება იყო „მილანის“ რიგებშიც.
მთავარი გავლენა შედეგზე სწორედ მეტოქემ იქონია – „მილანმა“ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა, ჩვენ კი, შესაძლოა, ცოტა არ გაგვიმართლა.
რა შეიცვლება ჩემპიონთა ლიგის მატჩებამდე? პირველ რიგში, აღარ იტყვიან, რომ წილისყრაში გაგვიმართლა – „მილანის“ დამარცხება ადვილი არ ყოფილა. მათ განსაკუთრებული თამაში ჩაატარეს, იმედია, შემდეგ დაპირისპირებებში ჩვენ გავიმარჯვებთ.
რატომ ვკამათობდი გასახდელში პაოლო მალდინისთან და ლეაოსთან? არბიტრს ლობოტკას ყვითელი ბარათის შესახებ ვკითხე, მალდინი კი ამ დროს გვერდით მიდიოდა და უკმაყოფილო იყო, თითქოს ამბობდა – „შენ ყოველთვის წუწუნებ“. ეს არ მომეწონა და ვუთხარი, ბუნებრივია, მასაც რეაქცია ჰქონდა, ვწუხვარ, რომ ასეთ კონტექსტში პაოლო მალდინიზე ვსაუბრობ, ეს უსიამოვნოა“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.