სპალეტიმ ჯაკომო ბულგარელის ჯილდო მიიღო - ეს „ოსკარია“, რომელიც „ნაპოლის“ ფეხბურთელების დამსახურებით მოვიპოვე #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტის ბოლონიაში გამართულ დაჯილდოებაზე ჯაკომო ბულგარელის სახელობის ჯილდო გადასცეს, როგორც სეზონის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელს.
„ჩემი თაობისთვის ბულგარელის ჯილდო იგივეა, რაც კინოში – „ოსკარი“. ჯაკომო ბულგარელი „ბოლონიის“ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ. ამ წარმატებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ამისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც აქ დგომის საშუალება მომცა – „ნაპოლის“ მოთამაშეებს.
ფეხბურთელები მთელი სეზონის მანძილზე საოცრად გამოიყურებოდნენ, გამოირჩეოდნენ თავდადებით ვარჯიშებსა და სათამაშო მოედანზე.
21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და შესაძლებლობა გვაქვს, სხვადასხვა ფეხბურთელს დავაკვირდეთ. წარმატების მთავარი რეჟისორი ჩვენი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი იყო, რომელიც საკუთარ საქმეს იდეალურად უძღვება. მან ბრწყინვალე ფეხბურთელები იპოვა და შევძელით, წასული ვარსკვლავების ჩანაცვლება.
წარმატებული სათამაშო სისტემა ეტაპობრივად შევქმენით. დგება მომენტი, როცა საუკეთესო ფორმაში არ ხარ, თუმცა ამან არ უნდა შეგაჩეროს. მწვრთნელს საკუთარი გუნდის ყოველთვის უნდა სჯეროდეს“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.