სპალეტიმ გვარდიოლას კომპლიმენტს ზეწოლა უწოდა - ველოდები, რომ ოსიმენივით შემდეგ ეტაპზე სხვაც გაიბრწყინებს #1TVSPORT
„აინტრახტთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩის მოგებისა (3:0) და მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა, ბოლოს კი გაბრაზდა, როცა პეპ გვარდიოლას შესახებ შეკითხვას უპასუხა, რომელმაც მისი „ნაპოლი“ შეაქო.
„ეს შესანიშნავი შედეგია, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მსგავსი დამოკიდებულება, „აინტრახტთან“ კი ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და ძლიერ მოწინააღმდეგესთან საკმაოდ აზრიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რაც ყველაზე მეტად მახარებს.
ოსიმენი? ახლა ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს და კარგ ფორმაშია. მიზანს მისი წყალობითაც მივაღწიეთ. ის ძალიან ძლიერი თავდამსხმელია, რომელსაც რამდენიმე ძლიერი ინდივიდუალური თვისება გააჩნია. ველოდები, რომ მისნაირად შემდეგ ეტაპზე ვინმე სხვაც გაიბრწყინებს.
„აინტრახტი“ დღეს დაცვაში წინა მატჩისგან განსხვავებული სქემით თამაშობდა, გუნდი სხვაგვარად განლაგდა და ამის გამო თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, სანამ მათ თამაშს ალღო ავუღეთ, ბოლოს კარგი პრესინგი მოვახერხეთ და შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ.
გვარდიოლამ კი თქვა, რომ „ნაპოლი“ ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ეს პატარა ხრიკია, რომელზეც მე არ ვრეაგირებ. ისინი 900 მილიონს ხარჯავენ გუნდის შენებაში. ეს კომპლიმენტი კი არა პატარა ხრიკია, რომელიც რეალურად უფრო ზეწოლას ჰგავს და არაფერში გვჭირდება“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. შემდეგ მატჩს გუნდი სერია A-ში „ტორინოსთან“ კვირას, 19 მარტს გამართავს.