სპალეტიმ ავარიის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა - „ნაპოლის“ მწვრთნელი „ლივერპულთან“ მოგებაზე ფიქრობს #1TVSPORT
სპალეტიმ ავარიის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა - „ნაპოლის“ მწვრთნელი „ლივერპულთან“ მოგებაზე ფიქრობს #1TVSPORT

დღეს, 7 სექტემბერს, 23:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩს ჩაატარებს – ქართველი თავდამსხმელის „ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ იურგენ კლოპის „ლივერპულს“ მიიღებს.

მატჩამდე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხელჯოხიანი და მხარმოტეხილი მივიდა. საქმე ისაა, რომ კვირას ავტოავარიაში მოჰყვა და მილანში ოპერაცია გაიკეთა. ამის მიუხედავად, მან მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოტოვა და ახლა გუნდს „ლივერპულისთვის“ ამზადებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ გამყავს. მოთამაშეები მოტივირებულები არიან, ყველას თვალები ანთებული აქვს და ეს არის პრიზი გასულ ჩემპიონატში კარგად ჩატარებული სეზონისთვის.

როგორ წარმომიდგენია ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“დებიუტი „ლივერპულთან“? ეს არის შეჯიბრი, რომელში მონაწილეობაზეც ფეხბურთელები ბავშვობიდან ოცნებობენ, მაგრამ ეს ასევე არის უმაღლესი დონის შეჯიბრი, სადაც თითოეული მომენტი და გოლი შეიძლება გადამწყვეტი გახდეს.

როდესაც „ლივერპულის“ მსგავს გუნდებს ეთამაშები, უნდა მოემზადო და მაქსიმალური ყურადღებით ითამაშო. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ყველაფრის შეცვლა, მაგრამ გამორჩეული მოთამაშეები ჩვენს გუნდშიც გვყავს და იმედი მაქვს, რომ ხვალ საღამოს ჩემი გუნდი დიდ მატჩს გამართავს და ტიფოზებს შესანიშნავ თამაშს შესთავაზებს.

ოსიმენი? დღეს მას ინდივიდუალური ვარჯიში ჰქონდა და ექიმების რეაქცია დადებითია. თუ იგივე დინამიკა გაგრძელდება და მდგომარეობა გაუმჯობესდება, ითამაშებს.

ვარ თუ არა ფრეზე თანახმა? ეს იქნებოდა იმის უარყოფა, რასაც ყოველთვის ვამბობთ – ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამარჯვებას, როგორც ეს მოხდა „ოლიმპიკოზე“ „ლაციოსთან“. გამოთვლების გაკეთება არასწორი იქნება, მინდორზე გავდივართ ჩვენი ღირებულების დემონსტრირებისთვის და ყოველთვის საუკეთესო შედეგისკენ ვისწრაფვით, ბოლოს კი ვნახავთ, რისი მიღწევა შეგვიძლია.

„ლივერპული“ შეტევის მიმართულებას მუდმივად ცვლის – ეს სხვანაირი ფეხბურთია, ვიდრე ჩვენ იტალიაში ვართ შეჩვეულები. ისინი იყენებენ შორეულ გადაცემებს და მუდმივი პრესინგით არ გზღუდავენ.

ცხადია, გარდა ტაქტიკური სიმწიფისა, ამ გუნდის პლუსი შესანიშნავი მოთამაშეებია, რომლებსაც მუდმივად იყენებენ ერთ-ერთზე. ძლიერი ფილტვები და ჭკუა დაგვჭირდება, რომ ჟანგბადი არ მოგვაკლდეს და ჩვენი თამაში შევთავაზოთ.

რაღაც მომენტში ჩვენ უნდა შეგვეძლოს იმის აღიარებაც, რომ ისინი შეიძლება ჩვენზე მაღლა იდგნენ, მაგრამ საკუთარი თამაშის თავზე მოხვევაზე უარი არ უნდა ვთქვათ. არ არის აუცილებელი შოუ, ჩვენ უნდა ვიყოთ ეფექტურები და კონკრეტულები. ჩვენ არ გავდივართ მოედანზე კომპლიმენტების მისაღებად, არამედ იმისთვის, რომ ვიყოთ ჩემპიონთა ლიგის ღირსი და ქულები მოვიპოვოთ.

კლოპის ახლოს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ჩემთვის დიდი პატივია. ის არის უნიკალური პიროვნება და მწვრთნელი, რომელსაც აქვს ფილოსოფია, რომელიც განასხვავებს მას მთელ მსოფლიოში. ვეცდები, ყურადღებით გავშიფრო ის დავალებები, რომელსაც ის გუნდს მისცემს.

ჩვენ ვიცით, რა ძალა და ენერგია შეუძლია მოგვცეს „სტადიო მარადონაზე“ შეკრებილმა ხალხმა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტადიონის საჩემპიონო ძახილი ხვალ „ენფილდამდე“ მიაღწევს. ენთუზიაზმმა უნდა სძლიოს დაძაბულობას, ჩვენმა გულშემატკივრებმა კი იციან, ენერგია როგორ მოგვცენ“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.