სპალეტი საერთო აზრს გაემიჯნა - კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, დაცვაშიც ბევრი იმუშავა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრა გენუაში „სამპდორიასთან“ 2:0 მოიგო და მეორე-მესამეადგილოსან „იუვენტუსსა“ და „მილანს“ 7-7 ქულით უსწრებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმა სრულად ვერ აღიდგინა. ორთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული ქართველი ზედიზედ მეორე თამაშია, სერიაში A-ში საგოლე გადაცემით ან გოლით თავის გამოჩენას ვერ ახერხებს – შედეგად, თითქმის ყველა გამოცემამ „ნაპოლიში“ ყველაზე დაბალი შეფასება 21 წლის ქართველ ფეხბურთელს დაუწერა.
თუმცა, საერთო აზრს არ ეთანხმება ლუჩანო სპალეტი, რომელმაც „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ ქართველი შეაქო – სავარაუდოდ, გამოცდილი სპეციალისტი ხვიჩას გამხნევებას შეეცადა.
„მოვახერხეთ მატჩის მოგება, რომელიც შესაძლოა რთულად წარმართულიყო. პენალტის გაფუჭების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები არ შეგვექმნა, რადგან ხასიათი გამოვავლინეთ და ბოლომდე დაბალანსებულად და ორგანიზებულად ვითამაშეთ. გუნდმა რთული თამაშის მოგება შეძლო.
ვიყავით კონცენტრირებულები და მატჩის შედეგი ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია, მიუხედავად იმისა, რომ „სამპდორია“ დიდი ინტენსივობით თამაშობდა. ეს წინა ტურში მილანშიც შეგვეძლო, მაგრამ „ინტერმა“ ჩვენზე უკეთ ითამაშა. ასეა ნებისმიერი მაღალი დონის ჩემპიონატში – ყველა მატჩი რთულია, დღეს კი 3 ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ.
როგორ დავახასიათებდი კვარაცხელიას თამაშს? თამაში ჩააგდო და ბევრს ფიქრობდა? ხვიჩა უწინდელ ფორმას ალბათ მალე დაიბრუნებს. არ დაგავიწყდეთ – მას ზურგის ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და გვიან შემოგვიერთდა.
ჩემი აზრით, ხვიჩამ შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ცდილობდა, „სამპდორიას“ ფეხბურთელები თავისი დრიბლინგით მუდამ წნეხის ქვეშ ჰყოლოდა. ამავე დროს, დაცვაშიც ჩადიოდა და მთელ მოედანზე თამაშობდა“.