სპალეტი ნეაპოლის საპატიო მოქალაქე გახდა - ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება „სტადიო მარადონას“ სავსე ტრიბუნები იყო #1TVSPORT
სპორტული მიღწევებისთვის ლუჩანო სპალეტიმ (რომლის ინიციატივითაც ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადავიდა) ნეაპოლის საპატიო მოქალაქეობა მიიღო. „ნაპოლის“ ყოფილმა და იტალიის ნაკრების მოქმედმა მწვრთნელმა ცერემონიაზე ემოციურად ისაუბრა.
„ღმერთო ჩემო, როგორ პასუხისმგებლობას მაკისრებთ! ეს ჯილდო ეკუთვნის „ნაპოლის“ ყველა თანამშრომელს, პერსონალს, ექიმებს, მასაჟისტებს, მძღოლებს… ყველა ადამიანი, ვინც ჩემთან მუშაობდა გასულ სეზონში. მადლობა კრისტიანო ჯუნტოლის და მის გუნდს, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს და მთელ კლუბს.
უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს, რომლებიც არიან მთელი იმ სილამაზის შემქმნელები, რაც გასულ სეზონში მთელმა მსოფლიომ იხილა. ჩემი დღევანდელი ემოციები აუწერელია. არ ვიცი, ვიმსახურებ თუ არა ამ ყველაფერს, რადგან ძალიან ძლიერი გუნდი მყავდა და ჩემპიონობის მოგება შეგვეძლო.
ეს ჯილდო მოწმობს ძალიან ძლიერ ადამიანურ კავშირზე, რომელიც წარმოიშვა ჩემსა და ნეაპოლელებს შორის: ეს არის ის ასპექტი, რომელიც ყველაზე მეტ ემოციას იწვევს. უკვე ორი წელია, „სტადიო მარადონას“ ტრიბუნები სავსეა – ჩემთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო გამარჯვება იყო“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.