სოსო გრიშიკაშვილი - მჯერა, „თელავი“ შარშანდელზე უკეთესი გუნდი იქნება
საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდში სერიოზული საკადრო სიახლეებია. მწვრთნელი ათამდე მოთამაშეს შეელია და ბევრი ახალწვეულიც დაიმატა. მათ შორის არიან საქართველოს ნაკრებში ნათამაშები გიორგი ჯანელიძე და ლაშა შერგელაშვილი, ასევე ასაკობრივი ნაკრების წევრები გიორგი ჩოჩიშვილი, ცოტნე კაპანაძე და 16 წლის გიორგი ხაბულიანი.
„გუნდიდან წინადადება რომ მივიღე, ძალიან გამიხარდა, რადგან წინა სეზონში „თელავმა“ დაამტკიცა, რომ სუსტი გუნდი არაა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა შეხვედრაში ვიბრძოლოთ და ვუჩვენოთ, რომ ბევრი შეგვიძლია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან „თელავის“ ახალწვეული ლაშა შერგელაშვილი.
რევაზ გოცირიძე, „თელავის“ მთავარი მწვრთნელი:
„შემადგენლობის დაკომპლექტება ჯერ არ დაგვისრულებია. რამდენიმე პოზიციაზე მოთამაშეებს კიდევ ველოდებით, მოლაპარაკება მიმდინარეობს – საბოლოოდ, თურქულ შეკრებამდე დავკომპლექტდებით და მიზნებზე ამის შემდეგ ვილაპარაკებთ. რაც შეეხება ახალწვეულებს, მიმაჩნია, რომ კარგი პოტენციალის მოთამაშეები დავიმატეთ. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ. მათ ჩვენს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს“.
კლუბის დამფუძნებელმა სოსო გრიშიკაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ „თელავი“ ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდება:
„გუნდი ბევრმა ძლიერმა მოთამაშემ დატოვა და დაკომპლექტება ხელახლა დავიწყეთ. ჩემი აზრით, კარგი შევსება მივიღეთ. მართალია, მოთამაშეთა უმრავლესობა ახალგაზრდაა, მაგრამ ფეხბურთს მხოლოდ სახელები არ თამაშობენ. ამ ბიჭების პოტენციალში დარწმუნებულები ვართ. მჯერა, ისინი თავის სიტყვას იტყვიან და შარშანდელზე არანაკლები გუნდი ვიქნებით. 2020 წელს ჩვენი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო და დარწმუნებული ვარ, ახალ სეზონშიც ღირსეულად ვითამაშებთ“.