სოსო გოგაშვილი - პანკისში სპეცოპერაციისას არ ვყოფილვარ, ჩემდამი ბრალდებები აბსურდულია, ყველა შეკითხვას ახლო მომავალში გავცემ პასუხს, ვუპასუხებ პროკურატურის შეკითხვებს
პანკისში სპეცოპერაციისას არ ვყოფილვარ, ჩემდამი ბრალდებები აბსურდულია, ყველა შეკითხვას ახლო მომავალში გავცემ პასუხს, ვუპასუხებ პროკურატურის შეკითხვებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
„ბრალდებებს დიდი ხანია, ვისმენ. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა და მტკიცებულებებიც მაქვს, რომ ეს ბრალდებები აბსურდულია. მოვითხოვ, დამკითხონ და არა მარტო მე. დაკითხონ ის ადამიანები, ვინც სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდნენ. ასევე, გამოკითხონ ის ადამიანები, იმ დღეს ვისთან ერთადაც ვიყავი თბილისში. თუმცა პანკისშიც რომ ვყოფილიყავი, ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ. იქ ჩემი თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იყვნენ და თუ ჩემი ჩასვლის საჭიროება იქნებოდა, ჩავიდოდი.
იქამდე, სანამ მე ვმუშაობდი, არც ერთხელ არ გამხდარა ჩემი პანკისში ჩასვლის საჭიროება, რადგან მაქსიმალურად კონტროლდებოდა სიტუაცია, ხორციელდებოდა პრევენციული ღონისძიებები, რათა „ისლამურ სახელმწიფოში“ არ წასულიყვნენ ადამიანები. ამის გამო, რამდენიმე პირი პასუხისგებაშიც მიეცა და შედეგიანი ღონისძიებაც განვახორციელეთ. ჩვენი მუშაობა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც კი მოხვდა. იყვნენ ადამიანები, ვინც შეასრულეს თავისი ფუნქცია-მოვალეობები და მოხდა ის, რაც მოხდა. აქედან გამომდინარე, ყველა ბრალდება არის აბსურდული. ყველა შეკითხვას ახლო მომავალში გავცემ პასუხს. ახლა შემოვიფარგლები მოკლე კომენტარით. ამომწურავად ვისაუბრებ ყველაფერზე – არა მხოლოდ პანკისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, არამედ ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის ირგვლივ. ვისაუბრებ ყველაფერზე, რა კითხვებიც ჩემთან დაკავშირებით დასმულა და რა ჩირქიც მოუცხიათ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ყველა კითხვას გავცემ პასუხს. არანაირი პრობლემა არ მაქვს. ვუპასუხებ პროკურატურის შეკითხვებს“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, აქვთ თუ არა მაჩალიკაშვილებს ტერორიზმთან კავშირი, სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე პასუხი აქვს, რაზეც უახლოეს მომავალში ისაუბრებს.
„მაქვს კონკრეტული და ამომწურავი პასუხები. ზუსტად ვიცი, როგორ შემხებლობაში და ჩართულობაში იყვნენ ისინი. დღეს უბრალოდ, ამაზე ვერ ვისაუბრებ. იმიტომ არა, რომ მოუმზადებელი ვარ და არ მაქვს პასუხები, ძალიან კარგი პასუხები მაქვს, უბრალოდ, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.
შეკითხვაზე, აქვთ თუ არა კავშირი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ ახმედ ჩატაევთან მაჩალიკაშვილებს, გოგაშვილი ამბობს, რომ „მოვა დრო, როდესაც ყველაფერს იტყვის“.
„არც ერთი კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი არც საჯარო სამსახურში ყოფნის დროს და არც მას შემდეგ არ გადამიდგამს. ის ადამიანები, ვინც მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა დღემდე, საკადრის პასუხებს მიიღებენ. რაც შეეხება ჩემს ოჯახს და ჩემს ახლობლებს, არც გაბედოს ვინმემ, თავში გაივლოს, რომ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს. ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტის დატოვების შემდეგ, პარტია „ქართულ ოცნებაში“ აგრძელებს საქმიანობას.