სოსო ფრუიძე - სანიოლის სისტემა საქართველოს ნაკრებსა და ჩვენს ფეხბურთელებს მიესადაგება #1TVSPORT
სოსო ფრუიძე - სანიოლის სისტემა საქართველოს ნაკრებსა და ჩვენს ფეხბურთელებს მიესადაგება #1TVSPORT

გამოცდილმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძემ  საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა – წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში კოლეგის, ფრანგი ვილი სანიოლის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.

– სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და რაც უფრო მეტ ასეთ თამაშს ჩავატარებთ, ეს გუნდის ჩამოყალიბებაზე დადებითად მოქმედებს. მე მგონია, რომ სანიოლმა სათამაშო სქემას მიაგნო – იწყებს ერთი სისტემით, მაგრამ დაცვაში გუნდი თავს სხვა სისტემით თამაშობს – მხედველობაში ფეხბურთელების რაოდენობა მაქვს. ეს უკანა ხაზს უფრო კუმშავს, მოწინააღმდეგეს მეტ გასაქცევ სივრცეს არ უტოვებს.

ეს სისტემა სანიოლმა პირველად კოსოვოსთან გასვლით შეხვედრაში გამოსცადა და მე ვფიქრობ, რომ ამ სქემამ გაამართლა, რადგან ეს საქართველოს ნაკრებს და იმ ფეხბურთელებს მიესადაგება, რომლებიც ჩვენ გვყავს. პლუს, შეტევაში კრეატიული მოთამაშეები გამოაჩინა, რამაც ჩვენი გუნდის თამაში გაამრავალფეროვნა.

სხვათა შორის, იყო მომენტები, როდესაც გუნდი 3-5-2 სქემით თამაშობდა, მომენტებში კი 3-4-3-ზე გადაეწყობოდა. ესეც დადებითი იყო. ვფიქრობ, ბოლო ორი თამაშის მოგება ჩვენს ნაკრებს აუცილებლად წაადგება შემდეგი ციკლისთვის.

სტანდარტულებს რაც შეეხება, მე მგონია, რომ ეს ვარჯიშებზე იყო დადგმული და პირველი გოლის დროს მშვენივრად გაათამაშეს.