სოსო ფრუიძე - გაგვიხარდება, ლუქსემბურგელები პირველ ნომრად თუ ითამაშებენ
სოსო ფრუიძე - გაგვიხარდება, ლუქსემბურგელები პირველ ნომრად თუ ითამაშებენ
დღეს, თბილისის „დინამო არენაზე“, საჩხერის „ჩიხურა“ ევროპის ლიგაზე თავის მე- 20 შეხვედრას გამართავს. სოსო ფრუიძის გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ლუქსემბურგის „ფოლა ეშს“ დაუპირისპირდება, რომელსაც გასვლაზე ანგარიშით 2:1 სძლია.
 
გუნდებმა „დინამო არენაზე“ მატჩის წინა ვარჯიშები გამართეს. წაგების მიუხედავად, ლუქსემბურგელები შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედს არ კარგავენ და ორი გოლის გატანას გეგმავენ.
„პირველი მატჩი გავაანალიზეთ და „ჩიხურასთან“ სათამაშოდ რამდენიმე სათამაშო სტრატეგია მოვიფიქრეთ. მათ ვითარების შესაფერისად გამოვიყენებთ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ამ შეხვედრაში ორი გოლის გატანა აუცილებლად გვჭირდება. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ცხადია, იმედი გვაქვს, რომ მატჩს ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ. რატომ გგონიათ, რომ ორი გოლის გატანას ვერ მოვახერხებთ? შევეცდებით, პირველი მატჩის შეცდომები არ გავიმეოროთ“, – ამბობს „ფოლა ეშის“ მთავარი მწვრთნელი ჯეფ შტრასერი.
საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე კი დარწმუნებულია, რომ ლუქსემბურგელები პირველ ნომრად თამაშს ვერ გარისკავენ.
„თამაშისთვის ისევე ვემზადებით, როგორც ჩვენი ჩემპიონატის შეხვედრისთვის. თბილისში მხოლოდ ერთი დღის წინ ჩამოვედით. „ფოლა“ ის გუნდი არაა, ჩვენ რომ გამოგვაგდოს. გასვლით შეხვედრაში ვნახე, პირველ ნომრად თამაშის რესურსი არ გააჩნიათ. პირიქით, გაგვიხარდება, ასე რომ გააკეთონ, რადგან ჩვენი მოთამაშეები უფრო სწრაფები, ტექნიკურები არიან და თავისუფალ სივრცეებს უკეთ გამოიყენებენ. მაგრამ ყველაფერია შესაძლებელი და სულაც არ ვართ დამშვიდებულები. კონცენტრაცია გვჭირდება, უპირატესობა რომ გამოვიყენოთ“, – აცხადებს სოსო ფრუიძე.
საჩერელთა მთავარი მწვრთნელმა გულშემატკივრებსაც მიმართა: „კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ შეხვედრის შედეგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ ქართული ფეხბურთის რეიტინგისთვის. ამიტომ გვინდა, მეორე შეხვედრაც მოვიგოთ. დიდი მნიშვნელობა ექნება, „დინამო არენაზე“ ხალხი რომ მოვიდეს და გუნდი გაამხნევოს. ფეხბურთი ხომ გულშემატკივრის გარეშე ლაზათს კარგავს“.
„ჩიხურასა“ და „ფოლა ეშის“ მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.