სოსიაშვილმა "სამტრედია" დატოვა, გუნდს კვარაცხელია გაწვრთნის
სოსიაშვილმა "სამტრედია" დატოვა, გუნდს კვარაცხელია გაწვრთნის

“სამტრედიას” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რადგან უჩა სოსიაშვილმა გუნდი დატოვა. 29 წლის სპეციალისტმა გადაწყვეტილება ეროვნული ლიგის ბოლო ტურამდე, ქუთაისის ”ტორპედოსთან” მატჩამდე მიიღო და სამტრედიელები მოედანზე მისმა ასისტენტმა, თამაზ სამხარაძემ გაიყვანა.

სამწვრთნელო ცვლილებებზე ”სამტრედია” ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აქვეყნებს. მაგრამ სოსიაშვილმა დაადასტურა, რომ გუნდი დატოვა. მას 53 წლის ბადრი კვარაცხელია შეცვლის.

კვარაცხელია თამაშობდა თბილისის “დინამოში”, თელავის “კახეთში”, რუსთავის “მეტალურგში”, თბილისის “მერანში”, ხოლო 1997 წლიდან აზერბაიჯანში წავიდა, სადაც ორჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1997/98 და 1999/00) და აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა (3 მატჩი, 0 გოლი).

სამწვრთნელო კარიერა კი 2004 წელს დაიწყო და მუშაობდა ბოლნისის “სიონში”, სუმგაითის “სტანდარტში”, ცხინვალის “სპარტაკში”, “გაბალაში”, “თურანსა” და ლანჩხუთის “გურიაში”, მისი ბოლო კლუბი 2015-2016 წლებში მარტვილის “მერანი” გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ “სამტრედიას” 3 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგაში ბოლო, მე-10 ადგილზეა.