სოსიაშვილი „დილასთან“ წაგებაზე - ტრავმამ და მომენტების გამოუყენებლობამ დაგვაღალატა #1TVSPORT
უჩა სოსიაშვილმა გორის „დილასთან“ (1:2) წაგებული მატჩი შეაფასა – წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, მისი გუნდს თამაშის გადარჩენა შეეძლო.
„ვფიქრობ, რომ მთლიანად თამაში გუნდმა კარგად ჩაატარა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, გოლის გატანაც მოვახერხეთ და საგოლე მომენტებიც გვქონდა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მათი რეალიზება, თორემ შესვენებამდე შეგვეძლო ანგარიშის გაზრდა. მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და პირველ 15 წუთში კარგი მომენტები შევქმენით. შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეტოქემ ინიციატივა მოიპოვა და ბურთსაც აკონტროლებდა. ამასობაში, მოგვიხდა გაუთვალისწინებელი ცვლილების გაკეთება, დაგვიშავდა შალვა ბურჯანაძე, რომელიც, ორი საყრდენის, ლუქმან გილმორისა და ისუფ ტურეს არყოფნაში მოედნის ცენტრში დიდ სამუშაოს ასრულებდა. შესაბამისად, ის ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენდა და ვფიქრობ, საბოლოო შედეგზე ამ იძულებითმა ცვლილებამაც იმოქმედა“, – ამბობს უჩა სოსიაშვილი.
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გადამწყვეტი ეპიზოდი მათ კარში დანიშნული პენალტი იყო: „გორელებმა ანგარიში გაათანაბრეს. ამის შემდეგაც გვქონდა მომენტები, ორჯერ მეკარესთან პირისპირ გავედით, ამ მომენტების რეალიზება რომ მომხდარიყო, შეხვედრა სხვა ანგარიშით დასრულდებოდა. სამწუხაროა, როცა ასეთ თამაშში მარცხდები, მაგრამ რაც მოხდა, დღესვე უნდა დავივიწყოთ და შემდეგი ტურისთვის მოვემზადოთ. ვეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ და მომდევნო შეხვედრებში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ“.