სომხეთის ნაკრების ყოფილი მეკარე დავიდ იურჩენკო „თელავში“ ითამაშებს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას სომხეთის ნაკრების 37 წლის მეკარე დავიდ იურჩენკო დაიცავს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
თურქმენეთში დაბადებულმა იურჩენკომ საფეხბურთო კარიერა 2010 წელს დაიწყო. თამაშობდა სამარის „კრილია სოვეტოვში“, ასტრახანის „ვოლგარში“, სარანსკის „მორდოვიაში“, „უფაში“, მახაჩყალის „ანჟიში“, „ტოსნოში“, კრასნოიარსკის „ენისეიში“, ყარაღანდის „შახტიორში“, ერევნის „ალაშკერტში“, ბოლოს ერევნის „პიუნიკის“ მეკარე იყო.
იურჩენკომ 2017/18 წლების სეზონში „ტოსნოს“ შემადგენლობაში რუსეთის თასი მოიგო, ხოლო „ალაშკერტში“ ყველა სომხური ტიტული მოიპოვა – გახდა ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის გამარჯვებული.
რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშით თურქმენეთის ნაკრების ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო, მაგრამ, პარალელურად, მეკარეს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებში თამაშის წინადადებით მიმართა.
2018 წლის მაისში სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რუბენ ჰაირაპეტიანმა განაცხადა, რომ იურჩენკომ სომხეთის ნაკრებიდან მიწვევა მიიღო და 2020 წლის თებერვლიდან სომხეთის ნაკრებში თამაშობდა. სულ ეროვნულ გუნდში 25 მატჩი ჩაატარა – მათ შორის ორი (2020 წელს) ერთა ლიგაზე ვლადიმირ ვაისის ფორმაციის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.