სომხეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს, მძიმე მატჩი გველის
სომხეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს, მძიმე მატჩი გველის

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

– მატჩამდე რთულ პირობებში მოვედით, მაგრამ გუნდი ამან უფრო გააერთიანა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ და ხალხს ვასიამოვნოთ. გევორგ ღაზარიანი ტრავმის გამო საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ის მზად იქნება ესტონეთთან შეხვედრისთვის. გუნდისთვის მნიშვნელოვანია მხითარიანის ყოფნა მოედანზე. ის იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომელსაც თანაგუნდელების მხოლოდ მისი ყოფნით მოტივაცია შეუძლია. ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით. საქართველო გუნდურად კარგად გამოიყურება. ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, – თქვა კაპაროსმა.

– ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ფსიქოლოგიურად როგორ მოამზადეთ მოთამაშეები, მათზე ნეიტრალურ მოედანზე თამაში როგორ იმოქმედებს?

– ძალიან რთული ვითარება შეიქმნა, მაგრამ ჩვენი მოთამაშეები ერთსულოვნები არიან, კარგად ესმით, რომ ყველა თანამემამულეს მათ სიხარული უნდა მოუტანონ.

– ამ დროისთვის გუნდს ჰყავს ერთი ნომინალური მარჯვენა მცველი კამო ჰოვანისიანი და მოწვეულია 6 ცენტრალური ნახევარმცველი. რა არის ამის მიზეზი?

– ეს ჟურნალისტების ძალიან სუბიექტური მოსაზრებაა, რასაც არ ვეთანხმები. არმან ჰოვანისიანს ასევე შეუძლია ითამაშოს მარჯვენა მცველის პოზიციაზე. სერობ გრიგორიანი არის ახალგაზრდა, რომელიც უფრო და უფრო გაიზრდება. 4 ცენტრალური ნახევარმცველი გვყავს და ამ პოზიციაზე სოლომონიც თამაშობს. იმის გათვალისწინებით, რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, ვცდილობდით თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი მოთამაშე აგვეყვანა.

– ცნობილია, რომ გაზ ღაზარიანს ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშია – რა არის მიზეზი?

ღაზარიანი ახლა აღდგენის პროცესშია, ის თავს უკეთ გრძნობს და ვფიქრობ, მას შეუძლია გუნდს ესტონეთთან თამაშში დაეხმაროს.

– რამდენად კმაყოფილი ხართ კაპიტნის, ჰენრიხ მხითარიანის გუნდში დაბრუნებით?

– ნებისმიერ გუნდს, ნებისმიერ კლუბს უნდა ჰყავდეს ლიდერი, ჩვენი ლიდერი კი ჰენრიხ მხითარიანია. მას აქვს დიდი ქარიზმა, ის არის ფეხბურთელი, რომელიც თანაგუნდელებს მხოლოდ ვარჯიშზე ყოფნითაც სტიმულს მატებს.

– რას ფიქრობთ საქართველოს ნაკრებზე, როგორც თქვენს მომავალ მეტოქეზე?

– კარგი გუნდია. გარკვეული პერიოდი ეს გუნდი სტაბილური შემადგენლობით თამაშობს. მათ ისეთი ფეხბურთელებიც ჰყავთ, რომლებიც ერთ კლუბში თამაშობენ. ასე რომ, ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი გუნდური თამაში აქვთ.

– ჩვენს ჯგუფში ყველა ნაკრებმა 2 მატჩი ჩაატარა. ამის შემდეგ ჯგუფში გუნდების შანსებს როგორ შეაფასებთ?

– იმავე აზრზე ვარ, რაც გამოვხატე ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის დაწყებამდე. ამ ჯგუფში თანაბარი ბრძოლა იქნება. ნებისმიერმა წარმატებამ და ნებისმიერმა შეცდომა შეიძლება ჯგუფში დისბალანსი გამოიწვიოს. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური კონცენტრაციითა და ინტენსივობით თამაში.

სომხეთი-საქართველოს მატჩი ერთა ლიგის მესამე ტურის ეგიდით პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.