სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მოვუგოთ
სომხეთის ნაკრებმა „დინამო-არენაზე“ საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ხვალინდელ მატჩამდე ოფიციალურად ივარჯიშა, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა პრესკონფერენცია გამართა და მომავალ მატჩზე ილაპარაკა.
„ეს რთული და საინტერესო შეხვედრა იქნება, რომელიც ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ამ შეხვედრაში ჩვენ არ გვეყოლება ლიდერი, მხითარიანი, მაგრამ ლიდერობა საკუთარ თავზე ყველა დანარჩენმა ფეხბურთელმა უნდა აიღოს. ამაზე წუწუნი არ ღირს. ჩვენ გვყავს სხვა კარგი მოთამაშეები, რომელთაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ და შეუძლიათ კარგი ფეხბურთი აჩვენონ“, – განაცხადა კაპაროსმა.
კითხვაზე, შესწევს თუ არა სომხეთის ნაკრებს იმის ძალა, რომ დარჩენილ ორ შეხვედრაში საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხოს და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეს, სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა იმედიანი პასუხი გასცა.
„დიახ, მჯერა, რომ ხვალ შეგვიძლია მოვიგოთ, ისევე როგორც ჩრდილოეთ მაკედონიაში. მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდს ამის პოტენციალი გააჩნია“, – ამტკიცებს კაპაროსი.
– გუნდი თუ ხვალ საქართველოსთან წააგებს, ჩრდილეოთ მაკედონიასთანაც იგივე მოტივაციით ითამაშებს?
სომეხთა ესპანელმა მწვრთნელმა ამ კითხვას თავი აარიდა:
„ახლა მაკედონიასთან მატჩზე საერთოდ არ ვფიქრობ. ისევე როგორც ჩემი გუნდის წევრებს, ჩემი ყველა ფიქრი და მოლოდინი ხვალინდელ მატჩს უკავშირდება. მზად ვართ, ჩვენი ხალხის იმედები გავამართლოთ და ღირსეული ფეხბურთი ვაჩვენოთ“.