სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - კონსულტაციები გავიარეთ და უეფა მხარს დაგვიჭერს, რომ საქართველოსთან ერთად 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ #1TVSPORT
უეფა მზად არის, მხარი დაუჭიროს სომხეთსა და საქართველოს, რათა 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატს ერთად ვუმასპინძლოთ, – ამის შესახებ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, არმენ მელიქბენიაკმა ერევანში ქართველ კოლეგასთან, ლევან კობიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა ერთობლივი განაცხადი წარადგინეს 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
„ეს არის ერთ-ერთი მთავარი ტურნირი, რომელსაც ფიფა ატარებს. 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობა ძალიან დიდი წარმატება იქნება ორივე ქვეყნისთვის.
მინდა, აღვნიშნო, რომ გვქონდა კონსულტაციები ფეხბურთის მმართველ ორგანოებთან. უეფა მზად არის, მხარი დაგვიჭიროს ამ პროცესში, რათა ერთად ვუმასპინძლოთ 20-წლამდელთა მსოფლიო თასს“, – განაცხადა არმენ მელიქბეკიანმა.
ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ურუგვაის ნაკრებია. 2025 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო თასს ჩილე უმასპინძლებს.