სომხეთი-საქართველო - წაუგებელი სერია გრძელდება, საქართველო ჯგუფის ლიდერია
სომხეთი-საქართველო - წაუგებელი სერია გრძელდება, საქართველო ჯგუფის ლიდერია

სომხეთი – საქართველო 2:2

გოლები: 1:0 ბაირამიანი (6. ბარსეგიანის პასით), 1:1 კაჭარავა (46. შენგელიას პასით), ოქრიაშვილი (74. ყაზაიშვილის გადაცემით), 2:2 მხითარიანი (88. პ)

11.10.2020. პოლონეთი, ქალაქი ტიხის სტადიონი. უმაყურებლოდ

სომხეთი: იურჩენკო – კ. ოგანესიანი (81. გადიმიანი), აროიანი, ჩალიშირი, ოგანესიანი – ვბეიმარი (67. გარაგინიანი), არტაკ გრიგორიანი – ბარსეგიანი, მხითარიანი, ბაირამიანი – კარაპეტიანი (89. ბიჩახჩიანი)

სათადარიგოები: აივაზოვი, ბეგლარიანი, ვოსკანიანი, ბაბაიანი, ბ. ოვანისიანი, იშხანიანი, უდო, გ. გრიგორიანი, გრიგორიანი

მთავარი მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

საქართველო: მაკარიძე – ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი – აბურჯანია (74. კვეკვესკირი), კანკავა (74. დაუშვილი) – ყაზაიშვილი, გვილია (61. ოქრიაშვილი), შენგელია (80. ლობჟანიძე) – კაჭარავა (80. ლობჯანიძე)

სათადარიგოები: ლორია, კუპატაძე, მალი, დვალი, ტაბიძე, კვირკველია, ქვილითაია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მთავარი არბიტრი: ივან ბაბეკი (ხორვატია)

გაფრთხილებები: აროიანი (47), ნავალოვსკი (53), ბაირამიანი (68), კანკავა (72), (), დაუშვილი (88), ბაბაიანი (90+1)

ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში, რომელიც პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე გაიმართა, დანაკლისი თავიდან ვერც ერთმა ნაკრებმა ვერ აირიდა. სომხეთის ნაკრებს დააკლდა სარქის ადამიანი, ჰოვანეს ამბარცუმიანი და არშაკ კორიანი – ისინი გუნდს ტრავმის გამო ვერ შეუერთდნენ. სამაგიეროდ, ლიდერი ჰენრიხ მხითარიანი შეუერთდა. იტალიური „რომას“ ნახევარმცველმა სხვადასხვა მიზეზის გამო გამოტოვა სომხეთის ნაკრების 6 მატჩი, რომელშიც გუნდმა მოიგო ერთი, განიცადა 4 მარცხი, ერთიც ფრედ თამაშა.

საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარა ბელგიური „გენტის“ 21 წლის ნახევარმცველი გეორგი ჩაკვეტაძე. ასევე, თამაში გამოტოვეს ესპანური „ტენერიფეს“ მცველმა ოთარ კაკაბაძემ და „სან ხოსეს“ ცეტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ.

ერთა ლიგის C2 ჯგუფის მესამე ტურის მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ბელარუსთან ურთულესი დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სომხეთთან შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა – სრულად ახალი იყო დაცვის ხაზი, კარში გიორგი მაკარიძე ჩადგა, სლოვაკმა სპეციალისტმა ძირითადში დააყენა ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია, ლევან შენგელია და ნიკა კაჭარავა. მაგრამ ვაისის საკადრო პოლიტიკა გასაგები იმიტომ იყო, რომ 6 დღეში 3 მატჩის ჩატარება ერთი შემადგენლობით, ფაქტობრივად, შეუძლებელია – 14 ოქტომბერს კი სკოპიეში ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას უნდა ესტუმროს.

გამოჩნდა, რომ ყველაზე მეტი პრობლემა დაცვაში გვქონდა. ანგარიში სომხეთის ნაკრებმა მე-6 წუთზე გახსნა, როდესაც ლევან შენგელია დაშავდა და ჩვენი გუნდი მოედანზე 10 მოთამაშით დარჩა. მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრშეტევა ტიგრან ბარსეგიანმა განავითარა, ჯაბა ჯიღაურს გასცდა და კართან ჩააწოდა, სადაც ჰორენ ბაირამიანმა ზუსტად დაარტყა – 1:0.

სომხეთის ნაკრები მაღალი პრესინგით თამაშობდა და თავიდან ჩვენს ნაკრებს მეტოქის კართან მისვლა უჭირდა. თუმცა ნელ-ნელა ჩვენმა გუნდმა მეტოქის დაცვითი ბარიერები დაშალა და ხუთი რეალური მომენტი შექმნა. პირველი ხიფათი მეტოქის კართან მე-15 წუთზე ვაკო ყაზაიშვილის დარტყმას მოყვა, მაგრამ მეკარე დავიდ იურჩენკომ ბურთი მოიგერია, ერთ წუთში ვაკოს გადაცემის შემდეგ ნიკა კაჭარავას თავური ისევ მეკარემ მოიგერია და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

23-ე წუთზე, ყაზაიშვილის შორეული დარტყმის შემდეგ, სომხეთის ნაკრები კიდევ ერთხელ გადარჩა – ბურთი ძელს მოხვდა! გავიდა კიდევ სამი წუთი და ჩვენების სწრაფი კონტრშეტევა მარცხენა ფლანგზე გიორგი ნავალოვსკიმ განავითარა – მან საჯარმიმოში ვაკო გვილია მოძებნა, რომლის დარტყმაც კარს აცდა და რეალური საგოლე შანსი ხელიდან გაუშვა. 32-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეხუთე რეალური საგოლე მომენტი ლევან შენგელიას სწრაფი გარღვევის შემდეგ შექმნა, მაგრამ ნიკა კაჭარავამ მეკარეს მოარტყა – სომხეთის ნაკრებს ბედმა კიდევ ერთხელ გაუღიმა.

უიღბლო პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმში განახლებიდან 30 წამში გაათანაბრა – გვილიამ შეტევა ლევან შენგელიას გაუგრძელა, რომლის გარღვევისა და გადაცემის შემდეგ სომხეთის ნაკრების კარი ნიკა კაჭარავამ აიღო – 1:1.

ერთ წუთში გატანის შანსი კვლავ კაჭარავას ჰქონდა, რომელმაც დარტყმას გადაცემა ამჯობინა და კარგი მომენტი დაკარგა, ყაზაიშვილს კი იურჩენკომ არ გაატანინა.

ამის შემდეგ სომხეთის ნაკრები გააქტიურდა და 55-ე წუთზე ტიგრან ბარსეგიანის გასროლის შემდეგ ჩვენი ნაკრები გიორგი მაკარიძემ გადაარჩინა. მალე საქართველომ უპირატესობა ისევ მოიპოვა, ბოლოსკენ კი თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და დაძაბულიც გამოდგა. სამწუხაროდ, ჯაბა კანკავამ ყვითელი ბარათი მიიღო და 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს გამოტოვებს.

74-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. მცველს გიორგი აბურჯანიამ ბურთი აართვა და ამის შემდეგ საჯარიმოსთან ჯაბა ჯიღაური აღმოჩნდა, რომელმაც ვაკო ყაზაიშვილი კარის წინ მოძებნა, მისი გადაცემით კი მოედანზე სულ ორიოდე წუთში შესულმა თორნიკე ოქრიაშვილმა ჩვენები დააწინაურა 2:1.

უამრავი გამოყენებელი მომენტის შემდეგ საფეხბურთო კანონი ამოქმედდა და მეტოქემ წონასწორობა აღადგინა. სომხებმა ეს 88-ე წუთზე მოახერხეს – საჯარიმოში ხელით ითამაშა ბუბა დაუშვილმა და ჩვენს კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც ჰენრიხ მხითარიანმა გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 5 ქულით ლიდერობს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, რომელმაც ტალინში ესტონეთთან ანგარიშით 3:3 ითამაშა. მომდევნო  შეხვედრას ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.