სოხუმის კლუბების დერბი თბილისში - მატჩი გმირების ხსოვნას მიეძღვნება
მცირე ხნის წინ, ცნობლი გახდა, რომ სოხუმის დაცემიდან 25 წლის თავზე თბილისში სოხუმის საფეხბურთო კლუბების დერბი გაიმართება.
ეს საინტერესო მატჩი საფეხბურთო კლუბ სოხუმის “დინამოს” ადმინისტრაციამ საგანგებო განცხადებით დაანონსა.
” 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 25 წლის თავზე, თბილისში სოხუმური დერბი გაიმართება. საქართველოს უმშვენიერესი კუთხის, აფხაზეთის საფეხბურთო ფლაგმანი სოხუმის “დინამო” თანაქალაქელ სოხუმის “ცხუმს” დაუპირისპირდება. მატჩი 27 სექტემბერს, გლდანში მდებარე “ამერის” სტადიონზე გაიმართება. სოხუმის “დინამო” სახელით ვთხოვთ სოხუმელებს და აფხაზეთის წამოსულ მოსახლეობას – მოდით სტადიონზე და უგულშემატკივრეთ სოხუმის ორ გუნდს. 27 სექტემბერი ძალიან მტკინვეულია ჩვენს ისტორიაში. აფხაზეთში დაღუპული გმირების საპატივცემულოდ, მატჩი წუთიერი დუმილით გაიხსნება და მათი ხსოვნას მიეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოხუმი ოკუპირებულია, ჩვენს გულებში ნამდვილი სოხუმური ცეცხლი გიზგიზებს და სანამ ასე იქნება, ჩვენი გმირების თავგანწირვა ყოველთვის გვემახსოვრება. სოხუმის “დინამო” ქედს იხრის გარდაცვლილი გმირების ხსოვნის წინაშე და მატჩის თვითვეულ წუთს აფხაზეთს და ყველა სოხუმელს უძვნის” – წერია კლუბის განცხადებაში.