სოხუმის „დინამომ“ სამოქმედო გეგმა წარადგინა - კონფერენცია დევნილთა საფეხბურთო კლუბების როლზე
სოხუმის „დინამომ“ სამოქმედო გეგმა წარადგინა - კონფერენცია დევნილთა საფეხბურთო კლუბების როლზე
„დევნილთა საფეხბურთო კლუბების როლი სამშვიდობო პროცესებში“ – ამ თემაზე კონფერენციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
 
ორგანიზატორები იყვნენ კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სპორტული დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრი.
კონფერენცია ეძღვნებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს სპორტში, კერძოდ კი დევნილ საფეხბურთო კლუბთა როლს სამშვიდობო პროცესებში და მისი ფუნქციონირების პრობლემები და ანალიზი – ევროპის დევნილ საფეხბურთო კლუბთა ვითარების ანალიზი.
ერთ-ერთ სასურველა ამოცანად დაისახა დევნილ საფეხბურთო კლუბთა ძალისხმევის გაერთიანება, კონტაქტების დამყარება, თანამშრომლობისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, სპორტის სამყაროში იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილ საფეხბურთო კლუბთა უფლებებისა და ინტერესების ღირსეული წარდგენისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ დევნილთა საფეხბურთო კლუბებისა და სახელმწიფო სტრუქტურათა წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები, პროფესორები და სტუდენტები.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია #FootballPeople კვირის ფარგლებში გაიმართა. #FootballPeople კვირა მსოფლიო ფეხბურთის სფეროში სოციალურ ცვლილებათა და ნაირსახეობათა მხარდამჭერი უმსხვილესი კამპანიაა. ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში 50 ქვეყნისა და 150 000-ზე მეტი ადამიანი ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სოციალური ცვლილებებისკენ მიმართულ მასობრივი ტიპის ღონისძიებებში.
„ძალიან კარგი ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ მეტად გააქტიურებაა საჭირო, მით უმეტეს სოხუმის „დინამომ“ კონფერენციაზე წარადგინა მოქმედების გეგმა და საშუალება, რაც კლუბების არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ყველას თანამშრომლობა შესთავაზა, ვნახოთ“ – ამბობს სოხუმის „დინამოს“ პრეზიდენტი მამუკა ბიძინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დევნილთა საფეხბურთო კლუბებია სოხუმის „დინამო“ და „ცხუმი“, „გაგრა“, „ცხინვალი“ და ყველა მათგანს, ფინანსურის გარდა, კიდევ არაერთი პრობლემა გააჩნიათ – მაგალითად, სტადიონებისა და ბაზების.