სოხუმის „დინამომ“ ავჭალაში საფეხბურთო ცენტრი გახსნა
სოხუმის „დინამომ“ ავჭალაში საფეხბურთო ცენტრი გახსნა

სოხუმის „დინამო“ თბილისის და ქვეყნის მაშტაბით საფეხბურთო ცენტრების ამოქმედების მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაზე აქტიურად მუშაობს – 2021 წელს გუნდმა ეს პირველად ავჭალაში, ეწერის 11-ში შეძლო.

„ბოლო ინფორმაციით, ავჭალაში 6-დან 14 წლამდე ასაკის, ორმოცდაათამდე მოზარდმა, უკვე გაიარა რეგისტრაცია, როგორც გოგონებმა, ასევე ვაჟებმა. 2020 წლის ბოლოს, გუნდმა ცენტრი უკვე გახსნა ზემო ფონიჭალაში, სადაც ოცდაათამდე გოგონა სრულიად უფასოდ ვარჯიშობს. სასიამოვნოა, რომ ამ ცენტრის გახსნაში, პირველივე დღიდან მხარში გვედგა ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, ბატონი შალვა ოგბაიძე და საკრებულოს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ჩაკვეტაძე. ბატონი შალვა, პირველ ვარჯიშზე გვესტუმრა. პროექტის განხორციელებაში, თბილისის საკრებულოსთან ერთად, მხარი დაგვიჭირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ბატონმა რუსლან აბაშიძემ, რომელიც ასევე დაესწრო ბავშვების პირველ ვარჯიშს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი.

ავჭალის სტადიონზე იმყოფებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროექტის, „სახალისო ფეხბურთის“ ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია და ბავშვებს ვარჯიში ჩაუტარა.

მამუკა ბიძინაშვილი, სოხუმის „დინამოს“ დირექტორი:

„საფეხბურთო ცენტრების ფორმირებასა და განვითარებაში, წვლილის შეტანა ჩვენმა სპონსორებმაც გადაწყვიტეს. სწორედ მათი, თბილისის მერიის, საკრებულოს, აფხაზეთის მთავრობის და ჩვენი კლუბის დიდი ძალისხმევით მსგავსი საფეხბურთო ცენტრები თბილისის ათ უბანში გვექნება, ხოლო საქართველოს მაშტაბით – 20 და დამატებით კიდევ ათ ქალაქში დავაფუძნებთ. აქვე ვაანონსებთ, რომ სოხუმის „დინამოს“ შემდეგი საფეხბურთო ცენტრი თებერვლის ბოლოს ზაჰესში გაიხსნება, ასევე – წყალტუბოშიც. ამ პროექტმა დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია, რადგან ფანატიკოსი მწვრთნელები გვყავს, ბავშვები კი სახლთან ახლოს არიან, ტრანსპორტირების ხარჯი არ ექნებათ, გაერთობიან და ჯანსაღად იცხოვრებენ“.

მისი თქმით, გუნდმა სავარჯიშო მოედანი უკვე მონახა:

„გადაწყვეტილია, რომ 11 თებერვლიდან სოხუმის „დინამო“ დიდ დიღომში მდებარე „ვისოლის“ სარაგბო ბაზაზე გადავა, რომელიც იჯარით ავიღეთ, სადაც ცენტრალიზებული აკადემია მოეწყობა. ამას გარდა, ვაჟების მთავარი გუნდი გვყავს, დუბლები, 19 და 17-წლამდელები, ასევე ქალთა გუნდი, რომელიც ეროვნულ ლიგაში გამოდიოდა“.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო მალანიას შეფასებით, სოხუმის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის ფილიალის გახსნა ძალიან კარგი ფაქტია:

„ეს გუნდი ქართული ფეხბურთის ხერხემალი იყო. მასში ბევრი ლეგენდარული ფეხბურთელი გაზრდილა და იმედია, ამ სკოლაში სოხუმის „დინამოს“ ქოლგის ქვეშ ჩვენი ფეხბურთის მომავალი გაიზრდება. ომის შემდეგ საქართველოს სხავდასხვა ქალაქში გადმოსული აფხაზეთის გუნდები ერთმანეთთან მჭირდო კავშირში უნდა ვიყოთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. მე სოხუმის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში 10 წელი ვითამაშე და დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთში დავბრუნდებით და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად გუნდს კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიყვანთ“.