სოხუმის „დინამო“ სავარჯიშო პროცესს აახლებს - მოთამაშეები ტესტირებას გაივლიან
თბილისის „ლოკომოტივის“ შემდეგ, სოხუმის „დინამო“ მეორე გუნდია, რომელიც ვარჯიშის განაახლებს – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ამასთან დაკავშირებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით თაქთაქიშვილმა კომენტარი გააკეთა.
„უპირველესად, მინდა ყველა ფეხბურთელს ვარჯიშის განახლება მივულოცო. საწვრთნელ პროცესს 13 მაისიდან დავიწყებთ. კლუბის ხელმძღვანელებმა ეს შესაბამის ორგანოებთან შეათანხმეს და მივიღეთ რეკომენდაციები, რომლებსაც აუცილებლად შევასრულებთ. გუნდი ვარჯიშს ოთხ-ოთხი ფეხბურთელით განაახლებს. ამ დროს ფეხბურთელებს შორის დაშორება ოთხი მეტრი იქნება ხოლო გამოსაცვლელი სივრცე ღია ცისქვეშ განთავსდება. კლუბის ძალისხმევით და ჩვენი ფეხბურთელების დახმარებით შევძელით, რომ მოთამაშეებს მანქანები მოემსახურება და ვარჯიშის დასრულების შემდეგ სახლში წაიყვანენ. ვარჯიშის განახლება მოგვცემს საშულებას, რომ ფეხბურთელების ფსიქოლოგიური განწყობა და ფიზიკური კონდიციები გავამჯობესოთ. იმედია, სეზონის განახლებას სხვა გუნდებზე უკეთ მომზადებულები შევხდებით“, – ამბობს სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ინფორმაციით, ეროვნული ლიგის გათამაშების განახლებამდე ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის, ორი კვირა ფეხბურთელები ინდივიდუალურად ივარჯიშებენ, 14 დღის შემდეგ მდგომარეობა ისევ გადამოწმდება და თუ ყველაფერი კარგად იქნება, გუნდურ ვარჯიშებს დაუშვებენ. სეზონის განახლება რეალური მხოლოდ ამის შემდეგ იქნება.