სოფია შაფათავა ამერიკის ტურნირზე იგებს
სოფია შაფათავა ამერიკის ტურნირზე იგებს

წარმატებით თამაშობს ალაბამას შტატის ქალაქ პელჰამის 25-ათასიან ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი სოფია შაფათავა (347-ე ჩოგანი).

ერთეულებში შაფათავას პირველივე წრეში სერიოზული მეტოქე ჰყავდა – მესამე ნომრად განთესილი რუმინელი ჟაკლინ ადინა კრისტიანი (202-ე ნომერი). ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში მოახერხა გამარჯვება – 6:3, 7:5. შაფათავა მეოთხედფინალში გასასვლელად 22 წლის ამერიკელ ალი კიიკს შეხვდება, რომელიც WTA-ის კლასიფიკაციაში 351-ე ადგილს იკავებს.

სოფია პელჰამში წყვილთა ტურნირზეც თამაშობს. აქ მისი პარტნიორია ბელარუსი ოლგა გოვორცოვა, რომელიც, თავის დროზე, რეიტინგის TOP40-ში შედიოდა.

ქართულ-ბელარუსულმა დუეტმა ჯერ კვალიფიკაციის მატჩი მოუგო მექსიკელ ვილიარეალსა და ამერიკელ კლოსს – 7:5, 6:1, შემდეგ კი მერვედფინალში ამერიკელები – ტარუნი და აბრამსი დაამარცხეს – 6:4, 6:0.
გია თვალაბეიშვილი