ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ „ბიზნეს-ონლაინთან“ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბელგიის ნაკრების კაპიტანსა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს, ედენ აზარს ჰგავს.
სლუცკი ინტერვიუში მწვრთნელების დანიშნულებაზე საინტერესოდ ლაპარაკობს.
– ყაზანის „რუბინში“ პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი: „არ ვიცი, გავვარდებით თუ არა, მაგრამ აქ ტყუილად ნამდვილად არ ვარ, რადგან აქ არის ხვიჩა კვარაცხელია“. გარდა ამისა, ეს აზრი მხოლოდ გამიძლიერდა თავში. რა განსხვავებაა მასსა და სხვებს შორის? ჩემთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელი შესაძლებლობების ზღვარის გარეშე. მოთამაშეთა 95 პროცენტს, რომელთანაც მუშაობ, აქვს გარკვეული სახის შეზღუდვა – მენტალიტეტი, სიჩქარე, ტექნიკური კომპონენტი, ანთროპომეტრიული მონაცემები, ფიზიკური. ხვიჩს ასეთი ჭერი არ აქვს.
– ვის ჰგავს ხვიჩა იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც ავარჯიშებდით ან ნახეთ?
– ედენ აზარს. მე მას არ ვავარჯიშებდი, მაგრამ მახსოვს, ცსკა-ში მუშაობისას „ლილის“ წინააღმდეგ რომ ვეთამაშეთ და მაშინ ახალგაზრდა აზარმა გამაგიჟა.
– კვარაცხელია ბუნებრივი ტალანტია თუ აღზრდის შედეგი?
– ვისაც ოდესმე დიდ ტალანტთან შეხება ჰქონია, დარწმუნებულია, რომ სწორედ მან მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა. ხალხს შეუძლია იფიქროს რაც უნდათ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის გენეტიკა და სწორი ცხოვრებისეული დამოკიდებულება, რომელიც, ვფიქრობ, ასევე უფრო გენეტიკურია, ვიდრე შეძენილი. რა თქმა უნდა, ბავშვობაში ხვიჩას უთხრეს, რომ მას ფეხბურთი უნდა უყვარდეს, იმუშაოს და ივარჯიშოს, მაგრამ სინამდვილეში მას ეს საქმე თავად ძალიან უყვარს.
– გავლენას ახდენს ქართული ფესვები? ამ ქვეყნიდან ბრწყინვალე ფეხბურთელები ჯერ კიდევ გვახსოვს.
– ვფიქრობ, დიახ. როდესაც სამხრეთ კავკასიელ ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, პირველი ასოციაცია არასტანდარტული სანახაობრივი დრიბლინგია. ამას აფასებენ და ამას მათგან ითხოვენ. რა თქმა უნდა, მისმა ეროვნებამ როლი ითამაშა. ამ ტიპის მოთამაშედ რომ ჩამოყალიბდა.
– საქართველოდან უამრავი დრიბლიორი იზრდება, მაგრამ ჩვენთან ასეთები თითებზე ჩამოსათვლელია. რატომ, ფეხბურთელებს ბავშვობიდან აიძულებენ, რომ გუნდისთვის ითამაშონ?
– დრიბლინგი, განსაკუთრებით სწრაფი დრიბლინგი, ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნიკური, ტაქტიკური და კოორდინაციული ელემენტია. ამას ნიჭი სჭირდება. მაგრამ აშკარაა, თუ მოსთხოვ, რომ არ დაკარგოს ბურთი, დრიბლინგს ნიჭიერი ფეხბურთელიც გადაეჩვევა. როდესაც „რუბინში“ მოვედი, გამიკვირდა, რომ კვარაცხელია არ იყო სასტარტო შემადგენლობაში, არადა, ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე იყო. მე არავის განვიკითხავ. ხვიჩა პირველია რუსეთის პრემიერლიგაში არა მხოლოდ დრიბლინგში, არამედ – ბურთის დაკარგვაშიც. მახსოვს, როგორ უყვიროდნენ გამოცდილი ფეხბურთელები ვარჯიშზე: „კვარა რატომ დაკარგე ბურთი. რატომ უნდა გავეკიდოთ ასართმევად შენს ნაცვლად?“.
– ხვიჩას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი რატომ ანდეთ?
– ჩემს საქმიანობას შემდეგნაირად ვაფასებ – მომეცა საშუალება ვეკონტაქტო ადამაინებს, რომლებიც ღმერთმა ნიჭით დააჯილდოვა. ვინ ვარ მე, რომ ნიჭი დავმარხო? ვფიქრობ, ჩემი დანიშნულებაა, რომ მაქსიმალურად განვავითარო და დავეხმარო. დახმარება ნიჭს უნდა, თორემ უნიჭოები თავს თავად გაიკვლევენ. ეს ჩემი პროფესიის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
– კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდაა და მან უკვე დიდი ყურადღება მიიქცია. ვარსკვლავური ავადმყოფობა ხომ არ დაემართება?
– გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან ეს ყოველთვის არაპროგნოზირებადი ამბავია. ეს ვერ გაიარეს იმ ადამიანებმა, რომლებშიც დარწმუნებული ვიყავი. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა მაქსიმალურად განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელსაც შეუძლია ამ გავლენის ქვეშ მოექცეს. მას არ გააჩნია ვარსკვლავური დაავადების საწყისი წინაპირობები. მაგრამ საბოლოო დიაგნოზს, დაემართება თუ არა, ვერ დავსვამ.
– შემდეგი სეზონისთვის ხვიჩას შენარჩუნებას შეძლებთ?
– არ ვიცი – ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
– ის ევროპაში სათამაშოდ მზად არის?
– შეიძლება, ტოპ-გუნდბისთვის მზად არ არის, მაგრამ ნამდვილად არის მზად იმ გუნდებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, ცხრილში მეოთხედან მე -7 ადგილზე არიან.
– დორტმუნდის „ბორუსიისთვის“ მზადაა?
– „ბორუსია“ უფრო ახლოს არის ტოპ-ებთან, მაგრამ მაგალითად, „ბაიერისთვის“ ნაღდად მზადაა. მას ტოპ-გუნდების ნდობის მოსაპოვებლად შუალედური ნაბიჯი სჭირდება. მისი ასაკის გათვალისწინებით, ამაში მიუღწეველი არაფერია.
– თქვენ, როგორც მთავარი მწვრთნელი, ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ დაარწმუნოთ, რომ კიდევ ერთი სეზონი დარჩეს?
– არავითარ შემთხვევაში. დათვს ჩიტის გალიაში თუ მოათავსებენ, თავს არაკომფორტულად იგრძნობს. ამიტომ, თუ ყველა დაინახავს, რომ მან ჩვენს დონეს გადააჭარბა და შემდეგი ნაბიჯი სჭირდება, მაშინ მე ხელს არ შევუშლი.