სლუცკი კვარაცხელიაზე - აბსოლუტურად ყველა მატჩს შთამბეჭდავად ატარებს
ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ შეაჯამა რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურის შეხვედრა „როსტოვთან“ (0:0).
გამოცდილ სპეციალისტს კითხვა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც დაუსვეს, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს – „კვარაცხელიამ დღეს უამრავი მომენტი შექმნა. გოლი რატომ არ გავიდა?“.
„2001 წლის დაბადებულმა ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ თავზე რომ აიღოს, ყველა მოატყუოს და მერე თავად გაიტანოს და ყველაფერი თვითონ გააკეთოს … რა თქმა უნდა, მე მსურს გუნდში ასეთი მოთამაშე მყავდეს. კვარაცხელიას კი ნამდვილად შეუძლია ასეთი გახდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე თვის წინ სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე არ იყო. ახლა კი აშკარად გამოირჩევა და აბსოლუტურად ყველა მატჩს შთამბეჭდავად ატარებს. შემდეგში უნდა შევეცადოთ, რომ ამ ყველაფერს სტატისტიკური მონაცემები (იგულისხმება გოლი და საგოლე პასები) დავამატოთ“, – ამბობს ლეონიდ სლუცკი.