„სლოვანი“ სენსაციურად დამარცხდა - ქართველებიდან მხოლოდ ჩაკვეტაძემ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
„სლოვანი“ სენსაციურად დამარცხდა - ქართველებიდან მხოლოდ ჩაკვეტაძემ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის დაძაბული თამაშების შემდეგ ვლადიმირ ვაისის „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო – ბრატისლაველებმა სუპერლიგის პირველი ტურის მატჩი მოულოდნელად წააგეს.

სლოვაკეთის ჩემპიონატი „სლოვანმა“ გასვლაზე ლიგაში წელს დაწინაურებულ „პოდბრეზოვასთან“ წაგებით დაიწყო, რომელიც 3600 მოსახლეობის მქონე დაბის გუნდია, მაგრამ საინტერესო კლუბია – აქ იწყებდა კარიერას იურაი კუცკა, ხოლო კლუბი „ინტერის“ პარტნიორია.

ვლადიმერ ვაისმა არ ათამაშა გურამ კაშია (სათადარიგოებში იყო) და ჯაბა კანკავა (განაცხადშიც არ ყოფილა). ეტყობა, რომ ვაისმა ორივე „ფერენცვაროშთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის დაასვენა. ქართველებიდან მოედანზე მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა, რომელიც სათადარიგოებში იყო, მაგრამ 37-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

გიორგიმ ორჯერ გაიყვანა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ამ კარგი შანსებით ვერ ისარგებლეს. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრების შემტევს თავად შეეძლო გატანა, როდესაც მეკარემ დარტყმა მოიგერია, მაგრამ ბურთს ფეხი კარგად ვერ მიარტყა და მეკარემ მასპინძლები გადაარჩინა.

საბოლოოდ, „სლოვანმა“ ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა გასვლაზე წააგო – 1:2. გუნდი შემდეგ შეხვედრას „ფერენცვაროშთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე 20 ივლისს ბუდაპეშტში გამართავს, ხოლო უნგრეთის ჩემპიონს განმეორებით შეხვედრაში 27 ივლისს უმასპინძლებს. მაგრამ ამ ორ შეხვედრას შორის, 23 ივლისს შინ ჩემპიონატის შეხვედრაში „ტრენჩინს“ მიიღებს.