სლოვაკეთში ქართული შოუ კანკავას გოლით დაიწყო - ჩაკვეტაძემ „სლოვანში“ პირველად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავის „სლოვანმა“ , სადაც გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობენ, „ბანსკა ბისტრიცას“ უმასპინძლა, ქართველების გოლებით 4:0 დაამარცხა და ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა.
საჩემპიონო ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში ვლადიმირ ვაისმა „სლოვანის“ სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, გურამ კაშია 78-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ჩაკვეეტაძემ და ჯაბა კანკავამ კი სრულად ითამაშეს.
მე-19 წუთზე ანგარიშის გახსნა მიხალ ფასკოს შეეძლო, მაგრამ ბრატისლაველების მეკარე მარტინ ტრნოვსკიმ პენალტი მოიგერია და „სლოვანი“ გადაარჩინა.
ანგარიში კი 35-ე წუთზე ჯაბა კანკავამ გახსნა – საჯარიმოს შესრულების შემდეგ „ჯვაროსნების“ ყოფილმა კაპიტანმა სტუმრების კარი ეფექტური თავური დარტყმით აიღო და „სლოვანი“ დააწინაურა.
„სლოვანმა“ უპირატესობა 56-ე წუთზე ჩავრიჩის გოლით გაზარდა, ხოლო 59-ე წუთზე საჯარიმოდან ეფექტური გოლი უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა გაიტანა.
73-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ დაიძრა, ეფექტური დარტყმით „სლოვანში“ პირველი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.
ამ მოგების შემდეგ ბრატისლაველებმა 57 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე არიან. „სლოვანმა“ ლიდერ „დუნაისკა სტრედასთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.