სლოვაკეთის წინააღმდეგ დანიამ მოედანზე სტუდენტები, მაღაზიის გამყიდველი და ინტერნეტ-ვარსკვლავი გამოიყვანა
სლოვაკეთის წინააღმდეგ დანიამ მოედანზე სტუდენტები, მაღაზიის გამყიდველი და ინტერნეტ-ვარსკვლავი გამოიყვანა

უეფას „ერთა ლიგის“ დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება და დანიის ეროვნულ ნაკრებს სერიოზული პრობლემები აქვს. უელსის წინააღმდეგ პირველ მატჩში დანიელები, სავარაუდოდ, ეროვნული ჩემპიონატის პირველი და მეორე დივიზიონის ფეხბურთელებს ვერ ათამაშებენ და ვერც იმ მოთამაშეებს გამოიყვანენ მოედანზე, რომლებიც უცხო ქვეყნებში ასპარეზობენ.

ამის მიზეზი ის არის, რომ დანიის ეროვნული ნაკრები ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციასთან კომერციულ უფლებებთან დაკავშირებულ დავაშია ჩართული, რომელიც ამ დრომდე არ გადაწყვეტილა.

გუშინ, 5 სექტემბერს, დანიის ნაკრები სლოვაკეთს ეწვია და ადგილობრივ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა. ამ მატჩისთვის დანიელთა მწვრთნელებმა შემადგენლობა მოყვარული და ფუტზალის ფეხბურთელებით დააკომპლექტეს, ერთი მოთამაშე კი, რასმუს იოჰანსონი, დანიის მესამე დივიზიონში თამაშობს და ფეხბურთელობაზე მეტად იმით არის ცნობილი, რომ ინტერნეტში ასობით ათასი მიმდევარი ჰყავს. სხვა ფეხბურთელებს შორის იყვნენ სტუდენტები და მაღაზიის გამყიდველი.

შედარებისთვის, სლოვაკეთის ნაკრებში „ლივერპულის“ ყოფილი მცველი მარტინ შკრტელი და „ნაპოლის“ პლეიმეიკერი მარეკ ჰამსიკი თამაშობდნენ.

მატჩი სლოვაკეთის გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.

დანიის ნაკრებს „ერთა ლიგის“ პირველი მატჩი კვირას, 9 სექტემბერს, უელსის წინააღმდეგ შინ უწევს და თუ დავა არ გადაწყდა, სახელდახელო შემადგენლობის ფეხბურთელებს აარონ რემზისთან და გარეთ ბეილთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა.

რაც შეეხებათ სლოვაკებს, ტურნირს ისინიც 9 სექტემბერს იწყებენ, როდესაც კიევში უკრაინას დაუპირისპირდებიან.