„სლიგო როვერსის“ მფლობელები ქალაქ სლიგოს მცხოვრებლები არიან  #1TVSPORT
„სლიგო როვერსის“ მფლობელები ქალაქ სლიგოს მცხოვრებლები არიან #1TVSPORT

ირლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის გუნდ „სლიგო როვერსის“ მფლობელები ქალაქ სლიგოს მცხოვრებლები არიან. ამ გუნდს მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან ერთგული გულშემატკივარი ჰყავს.

ისევე, როგორც თითქმის ყველა კლუბს, პანდემიის გამოცხადებისა და ჩემპიონატების შეჩერების შემდეგ, „სლიგო როვერსსაც“ შეექმნა ფინანსური პრობლემები. საქმე იქამდე მივიდა, რომ კლუბს გაკოტრებისგან ერთი ნაბიჯი აშორებდა. თუმცა, საბოლოოდ, ის საკუთარმა გულშემატკივარმა გადაარჩინა. როგორც კი ცნობილი გახდა ამ პრობლემების შესახებ, ქალაქის მოსახლეობამ დააარსა ფონდი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ნებისმიერი თანხის გადარიცხვა კლუბის დასახმარებლად.

საბოლოოდ, პატარა ქალაქმა 400 ათასი ფუნტი შეაგროვა. მადლობის ნიშნად, კლუბმა დაამზადა „სლიგო როვერსის“ პატარა სათამაშო მაისურები, რომლებიც წელს ქალაქში დაბადებულ ყველა ახალშობილს გადაეცემა. ამ ინიციატივის მიზანი მხოლოდ მადლიერების გამოხატვა არ იყო. კლუბს სურს, რომ ამ ქალაქში „როვერსის“ გულშემატკივრობა ბავშვებმა დაბადებიდანვე დაიწყონ.