სკანდალური ჩხუბი „ბაიერნის“ გასახდელში - „სიტისთან“ წაგების შემდეგ მანემ სანეს ტუჩი გაუხეთქა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნში“ სერიოზული სკანდალია. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტისთან“ 0:3 წაგების შემდეგ მიუნხენელთა გასახდელში კონფლიქტი წარმოიშვა სადიო მანესა და ლეროი სანეს შორის. იტყობინებიან, რომ მანემ სახეში გაარტყა სანეს და ტუჩი გაუხეთქა.
გერმანელმა და სენეგალელმა ჯერ კიდევ მატჩის დროს იკამათეს: 83-ე წუთზე ტრანსლიაციაში მოხვდა მათი დავა ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის შემდეგ. სავარაუდოდ, მანეს არ მოეწონა სანეს ლაპარაკის ტონი და გასახდელში კონფლიქტმა ახალი ძალით იხეთქა.
მას შემდეგ, რაც მანემ სახეში გაარტყა სანეს, ისინი „ბაიერნის“ ორმა ფეხბურთელმა გააშველა. გერმანელის დასაწყნარებლად მისი გასახდელიდან გაყვანა გახდა საჭირო.
როგორც ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა აღშფოთებულია მანეს საქციელით და მასთან გამოთხოვებას აპირებს. ამ ზაფხულს მიუნხენელები სენეგალელს ტრანსფერზე დააყენებენ – ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხია.
„„ბაიერნს “ არ შეუძლია ამაზე თვალის დახუჭვა. ეს ფულად ჯარიმაზე მეტი იქნება. კლუბმა უნდა იმოქმედოს. გუნდში ტუხელის მოყვანით, მათ დანიშნეს მწვრთნელი, რომლის დროსაც ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს. არ მგონია, რომ მანეს მომავალი ჰქონდეს „ბაიერნში“ ამ სეზონის შემდეგ“, – დაწერა პლეტენბერგმა.
თავად „ბაიერნი“ ჯერ არ გამოსულა ოფიციალური განცხადებით ინციდენტთან დაკავშირებით.