სკანდალური ანტირასისტული აქციის გამო სერია ა-ს აღმასრულებელი დირექტორი ბოდიშს იხდის
იტალიური უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, სერია ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ საჯარო ბოდიში მოიხადა ანტირასისტული კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული სკანდალური პოსტერებისთვის, რომლებზეც სამი მაიმუნი იყო გამოსახული.
ამ პოსტერების გამო ლიგა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა და პროტესტი თავად სერია ა-ში მონაწილე კლუბებმაც გამოთქვეს. იტალიელმა მხატვარმა სიმონე ფუგაცოტომ, რომელიც ნახატების ავტორია, განაცხადა, რომ მას სურდა „რასისტების სიტყვები შეეტრიალებინა“.
„გულწრფელ ბოდიშს ვიხდი იმ პოსტერებისთვის, რომლებიც გუშინ იქნა წარმოდგენილი. ვაღიარებ, რომ ეს არ იყო სწორი ქმედება“, – განაცხადა ლუიჯი დე სიერვომ.