სკანდალი მსოფლიო ჩემპიონატის წინ - ყატარმა 7.4 მილიონ დოლარად ეკვადორის ნაკრების რვა ფეხბურთელი მოისყიდა #1TVSPORT
გრანდიოზული სკანდალი აგორდა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე. ჟურნალისტი ამჟად ტაჰა ამტკიცებს, რომ მასპინძელმა ქვეყანამ ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელები მოისყიდა. სწორედ მას უნდა ეთამაშოს ყატარი 20 ნოემბერს 20 საათზე გახსნის მატჩში.
„ყატარმა რვა ეკვადორელი ფეხბურთელი მოისყიდა ჯამში 7,4 მილიონ დოლარად, რათა მათ წააგონ გახსნის მატჩი (0:1, გოლი მეორე ტაიმში). ხუთმა ინსაიდერმა ყატარიდან და ეკვადორიდან დაადასტურეს ეს.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ტყუილია. იმედი მაქვს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება იმოქმედებს შედეგზე. მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს კორუპციას ფიფა-ში“, – დაწერა ჟურნალისტმა „ტვიტერში“.
ამჟად ტაჰა – ბრიტანელი და ბაჰრეინელი ჟურნალისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და საზოგადო მოღვაწეა. ის ცნობილია იმით, რომ ხელს უწყობს ურთიერთობის ნორმალიზებას არაბებსა და ისრაელელებს შორის. ასევე ტაჰა ახლოაღმოსავლური კვლევების ბრიტანული ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელია.