სკანდალი ინგლისში: ელოდება თუ არა „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგიდან გაგდება? #1TVSPORT
სკანდალი ინგლისში: ელოდება თუ არა „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგიდან გაგდება? #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონს, „მანჩესტერ სიტის“ სერიოზული პრობლემები აქვს. პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ კლუბი 2002-2018 წლების პერიოდში 100-ზე მეტ ფინანსურ დარღვევაში დაადანაშაულა. ახლა „სიტის“, შესაძლოა, ქულები ჩამოაკლონ ან სულაც გააძევონ ლიგიდან. პრემიერლიგამ უკვე გადასცა მასალები სპეციალურ კომისიას, რომელიც დახურულ რეჟიმში კონფიდენციალურად ჩაატარებს საქმის განხილვას.

გაზეთ The Times-ის ჟურნალისტი მარტინ ციგლერი წერს, რომ „მანჩესტერ სიტის“ არ შეეძლება აპელაციის შეტანა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში, თუ მის წინააღმდეგ სანქციებს გამოიყენებენ – ეს წესი პრემიერლიგის მიერ არის დადგენილი. უფრო დაწვრილებით გავერკვიოთ, რა მოხდა მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბში.

 

რა დააშავა მანჩესტერ სიტიმ?

პრემიერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, კერძოდ რომელი წესები დაარღვია „მანჩესტერ სიტიმ“. მაგალითად, პრემიერლიგა ამტკიცებს, რომ ყოველ სეზონში კლუბი არ აწვდიდა ლიგას ზუსტ ინფორმაციას ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, ლაპარაკია სპონსორებისგან შემოსავლებსა და ოპერაციულ დანახარჯებზე.

გარდა ამისა, პრემიერლიგის ინფორმაციით, 2009-2010 წლების სეზონიდან 2012-2013 წლების სეზონის ჩათვლით, „მანჩესტერ სიტიმ“ დამალა ინფორმაცია მთავარი მწვრთნელის ხელფასის შესახებ – ამ პერიოდში კლუბში რობერტო მანჩინი მუშაობდა. ანალოგიური დარღვევები ჰქონდა კლუბს რამდენიმე ფეხბურთელთან მიმართებაში, მაგრამ მათი სახელები არ დაუზუსტებიათ.

პრემიერლიგის განცხადებაში ასევე წერია, რომ სამ სეზონში (2013-2014, 2014-2015 და 2017-2018) მანჩესტერულმა კლუბმა დაარღვია უეფას კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ პლეის წესები.

და მთავარი: 2018 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, „სიტი“ არ თანამშრომლობდა პრემიერლიგასთან გამოძიების დროს და არ წარმოუდგენია ლიგისთვის საჭირო დოკუმენტები, თუმცა ამას წესები ითხოვდა.

 

კლუბის რეაქცია

„მანჩესტერ სიტი“ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებით გამოვიდა და გამოაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, განიხილონ ეს საკითხი.

ინგლისის ჩემპიონი გაკვირვებულია პრემიერლიგის ფინანსური წესების სავარაუდო დარღვევების გამოქვეყნებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კლუბი აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესში და დიდი რაოდენობით მასალები წარუდგინა პრემიერლიგას.

„კლუბი მიესალმება დამოუკიდებელი კომისიის მიერ ამ საკითხის განხილვას, რადგან დარწმუნებულია, რომ მისი პოზიციის სასარგებლოდ უტყუარი მტკიცებულებები არსებობს. ამიტომაც მოუთმენლად ველოდებით, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა“, – წერია კლუბის განცხადებაში.