სკანდალი გერმანიაში - მწვრთნელი მსაჯის შეურაცხყოფისთვის ქალთა გუნდის გაწვრთნით დასაჯეს #1TVSPORT
სკანდალი გერმანიაში - მწვრთნელი მსაჯის შეურაცხყოფისთვის ქალთა გუნდის გაწვრთნით დასაჯეს #1TVSPORT

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰაიკო ფოგელმა არასპორტული საქციელისთვის უჩვეულო სასჯელი მიიღო.

დასავლეთგერმანულმა საფეხბურთო ასოციაციამ (WDFV) განიხილა არბიტრების პროტესტი 44 წლის მწვრთნელის მოქმედებაზე გერმანიის მეოთხე დივიზიონის მატჩში „ბერგიშ-გლადბახის“ წინააღმდეგ. 2021 წლის იანვრის ბოლოს, ფოგელმა შეურაცხყოფა მიაყენა მთავარ არბიტრსა და მათ ასისტენტებს, მიუხედავად იმისა, რომ „ბორუსიას“ 23-წლამდელთა გუნდმა 2:1 მოიგო.

ასოციაციაში დაადასტურეს, რომ მწვრთნელი დააჯარიმეს 1500 ევროთი, აგრეთვე მიუსაჯეს ექვსი ვარჯიშის ჩატარება ქალთა ან გოგონათა გუნდში.

გერმანიაში გააკრიტიკეს რეგიონული საფეხბურთო ასოციაციის ეს სანქცია. ორგანიზაცია Frauen im Fussball-ის („ქალები ფეხბურთში“) წარმომადგენელმა ნიკოლ ზელმერმა ამ სასჯელს „ფატალური მესიჯი“ უწოდა.

„ჩვენ მიგვანიშნებენ, რომ რა დონეზეც არ უნდა გამოდიოდნენ ქალები ან გოგონები, მათ მაინც არ აღიქვამენ ისე სერიოზულად, როგორც მამაკაცებს ან ბიჭებს.

„გლადბახის“ მწვრთნელისთვის გამოწერილი ეს სასჯელი ქალთა გუნდში მუშაობას ერთ დონეზე აყენებს სოციალურ დატვირთვასთან. თუნდაც ამას კეთილი ზრახვებით აკეთებდეთ, თქვენ მაინც უგზავნით ყველას სიგნალს იმაზე, თითქოს ქალი ფეხბურთელების წვრთნა – ეს არის სასჯელი დანაშაულისთვის“, – განუცხადა ზელმერმა ESPN-ს.

ჰაიკო ფოგელმა 13 წელი იმუშავა „ბაიერნის“ იუნიორთა გუნდებში. 2011-12 წლებში ის შვეიცარიის „ბაზელს“ ავარჯიშებდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩატოვა „მანჩესტერ იუნაიტედი“. 2020 წლიდან ივლისიდან ფოგელი „გლადბახის“ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობს.