სკანდალი „ბარსელონაში“ - ექვსი დირექტორი გადადგა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვა
სკანდალი „ბარსელონაში“ - ექვსი დირექტორი გადადგა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვა

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობის ექვსმა წევრმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა. ესპანური გამოცემა „ავანგარდის“ (La Vanguardia) მონაცემებით, პოსტი დატოვეს: ორმა ვიცე-პრეზიდენტმა – ემილი რუსომ და ენრიკე ტომბასმა, აგრეთვე, დირექტორებმა – სილვიო ელიასმა, მარია ტეიშიდორმა და ჟოზეპ პონტმა, ასევე მმართველობის მდივანმა ჟორდი კლასამილიამ.

გამოცემამ ასევე გამოაქვეყნა კლუბის გადამდგარ ფუნქციონერთა წერილი. მიმართვაში წერია, რომ აუცილებელია პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება, რათა განხორციელდეს რევიზია და ნათელი მოეფინოს საკამათო მოვლენებს, რასაც კატალონელები ბოლო დროს გადაეყარნენ.

„გვინდა გამოვაცხადოთ, რომ ვაცნობეთ პრეზიდენტ ბარტომეუს ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ.

ჩვენ მივაღწიეთ ამ წერტილს, რადგან ვერ მივიღეთ შესაძლებლობა, სრულად შეგვეცვალა კლუბის მართვის კრიტერიუმები და ფორმები მომავალი გამოწვევების, განსაკუთრებით კი პოსტპანდემიური პერიოდის წინ.

ვიძლევით რეკომენდაციას – ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა „ავტორიტეტს“ მაქსიმალურად უნარიანად მართოს კლუბი”, – წერია განცხადებაში.