„სივასპორთან“ შეხვედრა ინციდენტით დასრულდა - მატჩის შემდეგ გაფრინდაშვილმა წითელი ბარათი მიიღო, თურქმა მოთამაშემ - ყვითელი #1TVSPORT
ევროპის კონფერენს ლიგის მე-3 შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩში საქართველოს ბოლო წარმომადგენელმა ევროსარბიელზე ბათუმის „დინამომ“ თურქული „სივასპორი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.
მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა, სტუმრები უხეშობდნენ და 68-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა, ბოსნიელმა იფრან პელტომ ორი ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ინციდენტები ამით არ ამოწურულა.
მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე დაძაბულობამ იმატა, მეტოქე ფეხბურთელებს შორის მორიგი კონფლიქტი მოხდა და მატჩის არბიტრმა ორივე მხარე დასაჯა.
ბოსნიელი არბიტრი ძალიან მკაცრი აღმოჩნდა თორნიკე გაფრინდაშვილის მიმართ და მას წითელი ბარათი აჩვენა, რის გამოც ბათუმელთა ნახევარმცველი „დინამოს“ 12 აგვისტოს განმეორებით შეხვედრაში ვერ დაეხმარება. უფრო ლმობიერი იყო არბიტრი „სივასპორის“ მიმართ, რომლის მოთამაშე უგურუ ჩიფთჩის მხოლოდ ყვითელი ბარათი აჩვენა.
უეფა-ს კონფერენს ლიგის განმეორებითი მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და „სივასპორის“ შორის 12 აგვისტოს „სივას არენაზე“ გაიმართება.