„სივასპორის“ მწვრთნელი - ბათუმის „დინამო“ ძლიერია, მაგრამ ამ ეტაპის გადალახვა შეგვიძლია #1TVSPORT
„სივასპორი“ ბათუმშია და კონფერენს ლიგის მესამე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩისთვის მზადება დაასრულა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რიზა ჩალიმბეიმ ბათუმის „დინამოსთან“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე ილაპარაკა.
„პირველი ეტაპი წარმატებით გავიარეთ და ახლა ვითამაშებთ ბათუმის „დინამოსთან“, რომელიც ხარისხიანი გუნდია და ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ურთულესი მატჩები გველის და არ მგონია, რომ გამარჯვებული პირველ მატჩში გაირკვეს, მაგრამ შევეცდებით, რომ უპირატესობა ბათუმში მოვიპოვოთ. თუმცა, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ 7-8 ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. ბათუმის „დინამო“ კი სერიოზული მეტოქეა. თუმცა, გასულ სეზონში ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, ევროპის ლიგაზე ძალიან კარგ გუნდებთან ვითამაშეთ და ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელსაც ამ ეტაპის გადალახვა შეუძლია“, – განაცხადა რიზა ჩალიმბეიმ.
„სივასპორის“ მთავარმა მწვრთნელმა მეზობელ ქვეყანასა და თურქეთში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა:
„საქართველო ჩვენთვის მეზობელი ქვეყანაა და ბათუმი ძალიან მომეწონა. ამიტომ, ძმური და კარგი მატჩის მოლოდინში ვარ. გაიმარჯვოს მან, ვინც ამას დაიმსახურებს. თამაში ბათუმში არ დასრულდება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ყოველთვის ვცდილობდით. ფეხბურთის გარდა არის ისეთი რაღაცეები, რაზეც ვფიქრობთ. ახლა თურქეთში ხანძარია და ეს იყო ისეთი თემა, რაზეც ბათუმში ჩამოსვლამდე ვსაუბრობდით. იმედია, ხანძარს მალე ჩააქრობენ. თუ ჩვენ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სახელი და ხალხი გავახაროთ, ეს იქნება საუკეთესო, რასაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის გავაკეთბთ“.
პრესკონფერენციაზე იყო „სივასპორის“ თავდამსხმელი ოლარენვაიუ კაიოდე, რომელმაც მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა:
„ბათუმის „დინამოსთან“ მატჩებისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ და აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ ჩვენი საქმე კარგად გავაკეთოთ და მოვიგოთ. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეკრება. მწვრთნელის მითითებები ნათელია. ეს დავალებები უნდა შევასრულოთ“.
ბათუმის „დინამოსა“ და „სივასპორის“ პირველი მატჩი ბათუმში 5 აგვისტოს გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 12 აგვისტოს „სივას არენაზე“. ამ წყვილში გამარჯვებულს პლეი ოფში მეტოქედ პლოვდიდის „ლოკომოტივსა“ და დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“ შორის მოგებულს შეხვდება.