„სივასპორი“ ბათუმის „დინამოსთან“ მატჩისთვის ემზადება - არიან ტრავმირებულები, ნაწილი მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT
„სივასპორი“ კონფერენს ლიგის მესამე შესარჩევ ეტაპზე ბათუმის „დინამოსთან“ განმეორებითი შეხვედრისთვის ემზადება.
გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, „სივასის“ მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბეიმ პრესისთვის დახურული ვარჯიში ჩაატარა, რომელიც 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. გუნდში ივარჯიშეს სამბა კამარამ, ისააკ კოფიმ, აჰმეტ ოგუზმა და ერდოღან იეშილიურტმა, რომლებიც პირველ მატჩში მცირე ტრავმები მიიღეს. იეშილიურტთან და კამარასთან ფიზიოთერაპევტი მუშაობს, ანუ ისინი სასურველ მდგომარეობაში ჯერ არ არიან. ტრავმა ჰქონდა მაქს გრადელს, რომლის მდგომარეობაზეც არაფერი წერია.
საინტერესო უნდა იყოს, სტადიონებზე შესვლის რა პირობები დააწესა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ და სამეცნიერო საბჭომ. სტადიონზე შესვლა შეუძლიათ იმ მაყურებლებს, რომლებიც Covid-19-ზე ვაქცინირებულები არიან. ვინც აცრილი არაა ან კოვიდ-19-ით არ დაავადებულა, PCR ტესტი თამაშის დაწყებამდე 48 საათით ადრე უნდა ჩაიტარონ.
„სივასპორისა“ და ბათუმის „დინამოს“ განმეორებითი შეხვედრა ხუთშაბათს, 12 აგვისტოს, საქართველოს დროით დროით 22:00 საათზე, „ბაჰჩეშეჰირ სივას სტადიონზე“ დაიწყება.