სიურპრიზი შუა ვარჯიშისას - შერმადინს ოჯახის წევრებმა და გუნდლებმა თვის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდოს მიღება მიულოცეს (ვიდეო)
– გიო, ჩემპიონო! ბევრი გამარჯვება, ბევრი ჯილდო და ბევრი ხაჭაპური, – ასე მიმართა გიორგი შერმადინს თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა შუა ვარჯიშისას. საკალათბურთო ტაბლოზე მილოცვებით კალათბურთელი კალათბურთელს შეენაცვლა, შემდეგ გიორგის ოჯახის წევრებმა მიულოცეს ოქტომბერში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აღიარება.
შერმადინის გუნდელები ესპანურად საუბრობდნენ, თუმცა მათგან გარკვევით ისმოდა სიტყვა ხაჭაპური. რატომ ხაჭაპური? – ამის შესახებ პირველ არხთან ინტერვიუში თავად შერმადინმა ილაპარაკა ერთი კვირის წინ:
– თებერვალში საკონტინენტთაშორისო თასი მოვიგეთ. ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში რომ შემიყვანეს, მომდევნო დღეს ვარჯიშზე შინ გამომცხვარი პიცებითა და ხაჭაპურით მივედი. ახლა, ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ რომ დამასახელეს, გუნდელები უკვე ელოდებიან ხაჭაპურს, პიცა არ დაგავიწყდესო, მწერენ.