„სიტის“ დაცვის გაძლიერება სურს - რამოსს „რეალთან“ კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია
ESPN-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ ყურადღებით აკვირდება მადრიდის „რეალსა“ და სერხიო რამოსს შორის მიმდინარე სიტუაციას და იმ შემთხვევაში თუ ესპანელი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მის დამატებას შეეცდება.
რამოსს სამეფო კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და 1 იანვრიდან მას უკვე სხვა გუნდებთან მოლაპარაკების უფლება ექნება.
„ქალაქელებმა“ იციან, თუ როგორი რთული იქნება 34 წლის მცველის გადაბირება, მაგრამ გუნდი დაცვის ხაზის გაძლიერებას ფიქრობს. წყაროს ცნობით, პეპ გვარდიოლაც რამოსის დიდი გულშემატკივარია და სურს, რომ ფეხბურთელი თავის გუნდში იხილოს.
მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტზე შეთანხმება ამდენი ხნით გაიწელა, მედიაში ხშირად იმის შესახებაც იწერება, რომ რამოსს კიდევ 2 წლით სურს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება და „რეალიც“ მზადაა გამონაკლისი დაუშვას. შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბს ერთი დაუწერელი კანონი აქვს – ისინი 30 წელზე უფროს ფეხბურთელებს კონტრაქტს მაქსიმუმ ერთი წლით უხანგრძლივებენ.
გვარდიოლას გუნდი, მიუხედავად სეზონის არც თუ ისე კარგი სტარტისა, კარგად გამოიყურება. მე-17 ტურში „სიტიმ“ „ჩელსი“ 3:1 დაამარცხა, 29 ქულა დააგროვა და პირველადგილოსან „ლივერპულს“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.