სიონის დირექტორი დისკვალიფიცირებულია - ტყავაძე დროებით მოკვეთეს
სიონის დირექტორი დისკვალიფიცირებულია - ტყავაძე დროებით მოკვეთეს

ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურ წყაროებს არ გაუვრცელებიათ, მაგრამ დაზუსტებული და მართალია – გიორგი (ბუბა) ტყავაძე ქართული ფეხბურთიდან დროებით მოკვეთეს.

ბოლნისის „სიონის“ გენერალური დირექტორის მიმართ ეს მკაცრი გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა გამოიტანეს. მათი გადაწყვეტილებით, ბოლნისური კლუბის ხელმძღვანელს საქმიანობა სამი თვით, 2018 წლის ბოლომდე აეკრძალა.

მიზეზი? გავრცელებული ვერსიით, სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტში ჩათვალეს, რომ ტყავაძე მსაჯების მიმართ აგრესიულად იქცეოდა. თავად ტყავაძე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

მისმა დისკვალიფიკაციამ „სიონის“ მეპატრონეებს შესაბამისი ნაბიჯი გადაადგმევინა – რადგან ტყავაძეს კლუბში ფუნქცია შეუჩერდა, დირექტორად გია გიორბელიძე დაინიშნა. სავარაუდოდ, ის „სიონს“ დისკვალიფიკაციის ვადის გასვლამდე უხელმძღვანელებს.

ბუბა ტყავაძე ანალოგიური მიზეზით აქამდეც იყო დისკვალიფიცირებული. შეგახსენებთ, რომ თბილისის „მრეტების“ ყოფილი მოთამაშე წლების განმავლობაში თავკაცობდა თბილისის „დინამოს“, შემდეგ – რუსთავის „მეტალურგს“, „სიონი“ კი 2017 წლის იანვარში ჩაიბარა და გუნდი ეროვნულ ლიგაში დააბრუნა.